
პოლიციამ აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტის, 21 წლის ლაშა სახეჩიძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ძებნილი პირი დააკავა.
ბრალდებულმა სახეჩიძეს 29 მაისს თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მოცეკვავეს გულში მიყენებული მრავლობითი ჭრილობების შედეგად დაუზიანდა შინაგანი ორგანოები და გადარჩენისთვის ბრძოლას ახლა გერმანიაში აგრძელებს.
დაკავებულს ბრალდება 31 მაისს, დუსწრებლად წარუდგინეს.
"ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ძებნილი, 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.ღ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა მიმდინარე წლის 29 მაისს, თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, "აფხაზეთის განათლების ცენტრის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა 1999 წელს დაბადებულ ლ.ს.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული პირის იდენტიფიცირება მალევე მოახდინეს, მიმდინარე წლის 31 მაისს ბ.ღ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. 2 ივნისს კი, მოსამართლის განჩინებისა და პროკურორის დადგენილების საფუძველზე, ბ.ღ. ძებნილად გამოცხადდა", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით გრძელდება, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაკავებული ბ.ღ. პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.