ჩინეთის მოქალაქემ აღმოაჩინა, რომ ბარათიდან 15 000 ლარი მოუხსნეს - გაშიფრულია თაღლითური სქემები თბილისის კაფე-ბარებში 

გამოქვეყნდა:

თაღლითობა ტურისტების მიმართ და დიდი ოდენობით თანხების თაღლითური დაუფლება თბილისის კაფე-ბარებში - შსს-მ ორი დაწესებულება ამხილა. საუბარია კაფე "სკარპასა" და კაფე "როიალზე".

საგამოძიებო უწყების ცნობით, დიდი ოდენობით თანხის ქურდობის ფაქტზე დაკავებულია 1989 წელს დაბადებული ლ. მ.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულს - თბილისში მდებარე კაფე-ბარ „სკარპას“ მფლობელ ლ.მ.-ს და ამავე კვების ობიექტის თანამშრომლებს, მეტი ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან და ტურისტებთან მათ მიერ შეკვეთილი პროდუქციის ნაცვლად იაფფასიანი პროდუქცია მოჰქონდათ, ასევე, მენიუში ცვლიდნენ პროდუქციის ფასებს და კლიენტებს შეკვეთის შეუსაბამო, არარეალურ, დიდ თანხებს ახდევინებდნენ.
მიმდინარე წლის სექტემბერში, კაფე-ბარ „სკარპაში“, ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ გოგონასთან ერთად იმყოფებოდა ჩინეთის მოქალაქე, რომელიც ალკოჰოლური სასმელის მიღების შემდეგ ცუდად გახდა და გონება დაკარგა. გონზე მოსვლის შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ მისი ანგარიშიდან სამ ეტაპად - 5000-5000 ლარის ოდენობით კაფე-ბარ „სკარპას“ ანგარიშზე გადარიცხული იყო 15000 ლარი" - აცხადებენ შსს-ში

შსს-ს ცნობით, მსგავსი თაღლითური სქემა მოქმედებდა თბილისში მდებარე კლუბ „როიალშიც". კერძოდ, დადგინდა, რომ ერთ-ერთი მოქალაქე მეგობართან ერთად ბარ „როიალში“ მიიპატიჟა ამავე ბარიდან გამოსულმა ორმა გოგონამ. მამაკაცებმა ბარში ე.წ. მენიუს საშუალებით შეუკვეთეს საკვები და სასმელი. მოგვიანებით, ბარის თანამშრომლებმა მათ რეალური შეკვეთის შეუსაბამო, დიდი თანხის - 1450 ლარის გადახდა მოსთხოვეს და იძულებით გადაახდევინეს.

გამოძიება სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. 

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი