სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება პერსონალური მონაცემების დაცვის დარღვევად შეაფასა.
როგორც უწყებაში ამბობენ, 11 ივლისს სამინისტროს მიერ გასაჯაროებული ვერც ერთი ვიდეოჩანაწერი ვერ პასუხობდა საზოგადოებაში არსებულ მთავარ კითხვას გარდაცვალების კონკრეტულ მიზეზთან დაკავშირებით და ამასთან ერთად, ბრიფინგებზე არ იქნა განმარტებული ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას გარდაცვალებასთან აღნიშნული ჩანაწერების კავშირი.
უწყებამ ლექსო ლაშქარავას პერსონალური მონაცემების უსაფუძვლოდ დამუშავებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრო 2 000 ლარით დააჯარიმა. 500 ლარით დაჯარიმდა სამედიცინო დაწესებულებაც, საიდანაც შსს-მ კადრები ამოიღო.
რაც შეეხება საქმის შესწავლის დეტალებს, სახელმწიფო ინსპექტორმა დაადგინა, რომ სამინისტრომ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოიპოვა 2021 წლის 12 ივლისის ბრიფინგზე გამოქვეყნებული ერთ-ერთი აუდიო-ვიდეოჩანაწერი. კერძოდ, აუდიო-ვიდეოჩანაწერი სამედიცინო დაწესებულებიდან მოპოვებულ იქნა სამინისტროს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. აღნიშნულ აუდიო-ვიდეოჩანაწერზე (2021 წლის 12 ივლისს, 00:21, 00:24, 00:28 და 00:52 საათებზე) წვდომისა და სამედიცინო დაწესებულების კომპიუტერული მოწყობილობიდან მისი გადმოწერის დროს სამინისტროს მიერ არ შედგენილა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ამსახველი რაიმე საპროცესო დოკუმენტი.
გარდა ამისა, ინსპექტორის სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას შესახებ ინტერნეტსივრცეში (მათ შორის, Facebook-ში) გავრცელებული მონაცემები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბაზაში - info.pol.ge აღრიცხული მონაცემების იდენტურია, მასზე წვდომა კი მხოლოდ უწყების თანამშრომლებს ჰქონდათ. შესაბამისად, ინსპექტორის სამსახურში აღნიშნავენ, რომ გამოვლენილი გარემოებების გათვალისწინებით, ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას პერსონალური მონაცემები შსს-ს თანამშრომლ(ებ)ის მხრიდან გამჟღავნდა.
"სახელმწიფო ინსპექტორის მიერ ჩატარებული შემოწმებების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე (მონაცემთა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დამუშავება ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამავე მუხლით) და 44-ე (მონაცემთა დამუშავების პრინციპების დარღვევა ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამავე მუხლით) მუხლების მეორე პუნქტებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
ასევე, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა სამედიცინო დაწესებულებას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე (მონაცემთა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დამუშავება), 44-ე (მონაცემთა დამუშავების პრინციპების დარღვევა) და 46-ე (მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნების შეუსრულებლობა) მუხლების პირველი პუნქტებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით", - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, 5 ივლისს ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის წევრებმა "TV პირველის" ოპერატორს, "სირცხვილიას" ოფისთან, სასტიკად სცემეს. თავდასხმის შედეგად ლაშქარავამ მძიმე დაზიანებები მიიღო და ოპერაცია ჩაუტარდა. 11 ივლისს ის დედამ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვა.