რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ ლუგარის ლაბორატორია ბიოლოგიურ საფრთხეს წარმოადგენს.
გუშინ ლავროვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი ლაბორატორიაში შესვლის უფლებას უკვე 2019 წლის ზაფხულიდან ითხოვენ და ახლა ოფიციალური თბილისის პასუხს ელიან. რუსული მხარისთვის გაუგებარია, რა საქმით არის დაკავებული ვაშინგტონი რუსეთის საზღვრების მიმდებარე ტერიტორიაზე.
ქართველი პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ ეს კრემლის მორიგი შეთქმულება და ცრუ პროპაგანდაა, რისი მიზეზიც ქვეყნის დასავლური ინტერესებია.
არანაირი საფუძველი მსგავსი მოთხოვნისთვის, რა თქმა უნდა, რუსეთს არ აქვს. ეს არის უბრალოდ პროპაგანდა და ამაზე ხელისუფლების პასუხი უნდა იყოს ძალიან მტკიცე და ძალიან ნათელი განაცხადი. ლუგარის ლაბორატორია არის ძალიან დიდი მონაპოვარი, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა სწორედ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პირობებში და ჩვენ ვნახეთ პანდემიის პირობებში რამხელა უპირატესობა მისცა ქვეყანას ლუგარის არსებობამ, - ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე სალომე სამადაშვილი.
პოლიტიკოსთა განცხადებით, საქართველო ეპიდვითარებას სწორედ ლუგარის ლაბორატორიის მეშვეობით გაუმკლავდა წარმატებულად.
ეს არის პუტინის რეჟიმისთვის და ავტორიტარული მთავრობებისთვის დამახასიათებელი, თავისი პრობლემების სხვაგან მოძებნა და სხვებისთვის დაბრალება. საქართველო ამ შემთხვევაში არის ტრადიციული სამიზნე მათი, სერიოზულად არც კი უნდა მივიღოთ ეს განცხადება, - ამბობს ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია.
მთავრობაშიც ცდილობენ, რომ რუსეთი საქართველოს ინტერესების დაზიანებას ცდილობს და ლუგარზე შეტევა ამასთან არის დაკავშირებული.
ჩვენ გვყავდა ლაბორატორიაში მოწვეული, ძალიან ბევრი ექსპერტი ჩამოვიდა მთელი მსოფლიოდან. რუსეთმა მაშინაც თავი შეიკავა ჩამოსვლაზე და ეს რასაკვირველია პოლიტიკური ანგარიშსწორების და სპეკულაციის თემაა. რუსეთი ყოველთვის მიგვანიშნებს, რომ მას ბერკეტების გამოყენება შეუძლია ჩვენ წინააღმდეგ, - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მათ დასამალი არაფერი აქვთ და პირიქით, პირადად მას, პირდაპირ ეთერშიც კი ყავს მიწვეული რუსული მხარე ლაბორატორიაში.