რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის გათავისუფლებით გამართულ საპროტესტო აქციას, რომელშიც 300-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, ბათუმში სამართალდამცავებსა და ხალხს შორის დაპირისპირება მოჰყვა. დაპირისპირების შედეგად დაპატიმრებულია 30 ადამიანი.
აქციის მონაწილეები ახლაც, გრიბოედოვის მოედანზე არიან შეკრებილები.
დაკავებულთა გულშემატკივრები მათი გათავისუფლების მოთხოვნით აჭარის მთავრობის მეთაურს მიმართავდნენ. ხელისუფლების წარმომადგენელთან მოლაპარაკების წარუმატებლად დასრულების შემდეგ კი ქალაქში შემავალი ცენტრალური ქუჩის გადაკეტვა გადაწყვიტეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.
მე ვერ მივიღე პასუხი დადებითი. ესენი სამართლებრივ წესრიგს იცავენ ვითომ, მარა არ იცავენ. ვინც დასაჭერია, იმას არ იჭერენ, ვინც არ არის დასაჭერი, იმას იჭერენ. მე ყველას ვთხოვ, დაგვიდგნენ მხარში, - ამბობს აქციის ერთერთი მონაწილე.
აქციის მონაწილეები ამტკიცებდნენ, რომ ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული რეზო წულუკიძე და ელდარ ანთაძე უდანაშაულოები არიან და უნდა გათავისუფლდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პერმანენტულ აქციებს აანონსებდნენ.
რეზო წულუკიძე და ელდარ ანთაძე პოლიციამ მაისის დასაწყისში დააკავა. ახლობლების ინფორმაციით, 7 მაისს დაკავებულებს ბათუმელ ბიზნესმენთან რომან ჯინჭარაძესთან და მის მეგობრებთან დაპირისპირება მოუვიდათ. ინცინდენტისას წულუკიძე და ანთაძე დაჭრეს, თუმცა მოგვიანებით პოლიციამ მაინც ისინი დააკავა.
ოჯახის წევრები საქმის პოლიტიკურ მოტივზე საუბრობენ. მათი მტკიცებით, წულუკიძე მხოლოდ იმის გამო დასაჯეს, რომ ხელისუფლებას საარჩევნოდ დახმარებაზე უარი უთხრა. წულუკიძის ნათესავების ინფორმაციით, ზოგიერთ მარალჩინოსანს არც ის მოეწონა, რომ ახალგაზრდები კორონავირუსით დაზარალებულ ადამიანებს დამოუკიდებლად ეხმარებოდნენ.
ვიცოდით, რომ ზევიდან იყო დარეკილი, რომ ეს ამბავი ჩვენ არ გაგვეკეთებინა, ხულოდან იყო დარეკილი, ჩვენ აქ 70 ლარიან დახმარებებს არ გვაცემინებენ, თქვენ კიდე მანდ, ტრაილერებით რო ატანთ ხალხს დახმარებას, ჩვენ ეს არ გვაწყობს წინასაარჩევნოდო. ჩვენ ვაპირებდით დარიგებას, ამაში ჩაერის ხელისუფლება.
ვინ გამოგზავნეს არ ვიცი, მაგრამ მაქსიმალურად შეგვზღუდეს. ის თანხები, რაც გვქონდა შეგროვებული გაჭირვებულებისთვის, ეცადნენ წაერთმიათ. ჩვენ მორწმუნე ბიჭები ვართ, სპორტსმენი ბიჭები ვართ და გვქონდა ადეკვატური პასუხი, რომ არ დავთმობდით ხალხის ფულს, - ამბობს დაკავებულის ძმა ფირუზ წულუკიძე.
დაკავებულები სპორტსმენები არიან, დღეს მათ მხარდასაჭერად ბათუმში მოჭიდავე ზურა დათუნაშვილიც იყო ჩასული.