დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, 24 სექტემბერს მან და მისმა თანამშრომლებმა წინანდალში, ღია სივრცეში, "რეგულაციების სრული დაცვით ისადილეს". გამყრელიძე ამბობს, რომ სუფრასთან მყოფი ყველა პირი სრულად აცრილი იყო.
"გიდასტურებთ, რომ ნამდვილად ვიყავი თანამშრომლებთან ერთად 24 სექტემბერს წინანდალში, ადგილობრივ მედიასთან და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრებთან შეხვედრაზე, რომელიც ვაქცინაციის გააქტიურების საკითხებს ეხებოდა. 25-ში გახლდით სოფელ ყარაჯალასა და ველისციხეში მოსახლეობასთან შეხვედრებზე და ავცერით ასევე მსურველები.
დავათვალიერეთ ღვინის ძველი ქართული ტრადიციით დამზადების მუზეუმი-მარანი და ვისადილეთ ღია სივრცეში შესაბამისი რეგულაციების დაცვით. ყველა გახლავართ სრულად აცრილები. მარანმა გადაიღო რამდენიმე სამახსოვრო ფოტო",- უთხრა გამყრელიძემ ინტრეპრესსნიუსს.
ცნობისთვის, დღეს, 27 სექტემბერს, სტუდია მონიტორმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ, NCDC-ის ხელმძღვანელმა რეგულაციების დარღვევით იქეიფა. მონიტორმა Facebook-ზე ფაქტის ამსახველი ფოტოებიც გაავრცელა.