
გლდანის ციხეში, დეკანოზ გიორგი მამალაძესთან მის უფლებადამცველებს, მიხეილ რამიშვილსა და გიორგი ფანცულაიას ისევ არ უშვებენ.
ადვოკატები ფიქრობენ, რომ ამის მიზეზი შესაძლოა, მოახლოებული არჩევნები იყოს, ვინაიდან მათი თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებას არ სურს, სააშკარაოზე გამოვიდეს დეკანოზის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა და ციხეში მასზე შესაძლო ზეწოლის ფაქტები.
როგორც მიხეილ რამიშვილმა აღნიშნა, ადმინისტრაციის ხისტი პოზიცია ასევე შესაძლოა, სუს-იდან გამოჟონილ ფარულ ჩანაწერებსაც უკავშირდებოდეს.
"დეკანოზის მხრიდან რამდენიმე დღის უკან მოვიდა წერილი, სადაც ითხოვს, რომ მე და ბატონი გიორგი ფანცულაია სასწრაფოდ შევსულიყავით მასთან. ჩვენ როგორც მისი უფლებების დამცველები, იმის გათვალისწინებით, თუ რა მდგომარეობაშია მისი ჯანმრთელობა, წამოვედით, მაგრამ როგორც ყოველთვის, დღესაც დილიდან არის პასუხი შესვლაზე, რომ დაკავებულია შეხვედრების ოთახი, ადგილი არ არის და ვერ გეტყვით როდის მოგიწევთ შესვლაო. ვერ გავიგე, სასტუმროა და უნდა დაჯავშნო? ერთი ოთახი გვაქვს მეტი არ გაგვაჩნიაო, ეს არის აბსურდი", - თქვა მიხეილ რამიშვილმა.
ცნობისთვის, მამა გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ოფიციალური ვერსიით, მას ჩხრეკისას მომწამვლელი ნივთიერება, ნატრიუმის ციანიდი აღმოაჩნდა. პროკურატურის ბრალდების მიხედვით, აღნიშნული ნივთიერებით დეკანოზი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლას გეგმავდა. ციხეში ყოფნის შედეგად დეკანოზის მდგომარეობა თანდათან უარესდებოდა, თუმცა, საპატრიარქოს ხელისუფლებისთვის მისი შეწყალების რეკომენდაციით არ მიუმართავს.
აღსანიშნავია, რომ 16 ივნისს, სტრასბურგის სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელი წარმოებაში მიიღო.