ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებლისა და დამფინანსებლის, დავით კეზერაშვილის საქმეზე თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერია, რომ კეზერაშვილი ტელეკომპანიას სახელმწიფოსგან მიტაცებული თანხებით აფინანსებს, თუმცა იქვე ამტკიცებს, რომ "სამინისტროს არც კი დაუშვია იმის ალბათობა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოეთხოვა ტელევიზიის წილის დაყადაღება".
სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"თავდაცვის უწყება საგანგებო განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს ყველას, აღკვეთოს ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. მიუხედავად იმისა, რომ დავით კეზერაშვილი თავის კომპანიებს აფინანსებს სახელმწიფოსგან მიტაცებული თანხებით, რომლებიც სახელმწიფოსთვის საზიანო საქმიანობას ეწევიან, თავდაცვის უწყება კარგად იაზრებს დემოკრატიულ ღირებულებებს, სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. აქედან გამომდინარე, საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე სამინისტროს არც კი დაუშვია იმის ალბათობა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოეთხოვა ტელევიზიის წილის დაყადაღება. მით უმეტეს, როდესაც დავით კეზერაშვილი წლების განმავლობაში აღნიშნული ტელევიზიიდან დივიდენდს არ იღებს. შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების ალბათობა აღნიშნული კომპანიიდან არ არსებობს",- წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტროს, დავით კეზერაშვილისა და მისი თავდაცვის მინისტრობის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვს. უწყება "დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის" ანაზღაურებას ითხოვს.
მანამდე, 7 სექტემბერს, უზენაესმა სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. კეზერაშვილს ბრალდება ერთ-ერთ საწვრთნელ პროექტში 5 მილიონ 60 ათასი ევროს გაფლანგვისთვის ჰქონდა წარდგენილი. დაცვის მხარემ საქმე ორ ინსტანციაში მოიგო, თუმცა ამის შემდეგ, პროკურატურამ საკასაციო წესით უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.
იხილეთ ასევე: