ვფიქრობთ, შემდეგი კეზერაშვილის ქონებების დაყადაღება იქნება... ერთადერთი ინტერესი "ფორმულას" წილია - ზუკა გუმბარიძე

გამოქვეყნდა:

"ფორმულას" გენერალური დირექტორი ზუკა გუმბარიძე ამბობს, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ არხის დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

გუმბარიძის თქმით, ხელისუფლება ამ გზით ცდილობს კრიტიკულ არხებს გაუსწორდეს.

"დღევანდელი გადაწყვეტილება თავდაცვის სამინისტროსი არის სუფთა პოლიტიკური საკითხი, რომელიც უკავშირდება მედიას, ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიისთვის ხელშეშლას. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, არჩევნების მერე, მედიას, რომელიც მისთვის წარმოადგენს დღეს ყველაზე დიდ პრობლემას, ერთიანად გაუსწორდეს. ჩვენ ვიცით, რომ მიმდინარეობს ქეისი ნიკა გვარამიას წინააღმდეგ, რომელიც ფაქტიურად ბოლოშია გასული. ასევე, არის ვატო წერეთლის მამის მიმართ ქეისი, რომელიც ასევე ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა ბოლო დღეებში. მანდაც უკვე ფაქტობრივად ფინიშისკენ გავიდა. დარჩენილი იყო ერთადერთი მედია, ძლიერი ფინანსურად და ინფრასტრუქტურულად, შესაბამისად, საჭირო იყო, მესამე მედიისთვისაც მოევლო ხელისუფლებას. ეს ნაბიჯი მხოლოდ ამას უკავშირდება", - თქვა გუმბარიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, ხელისუფლების შემდეგი ნაბიჯი საქართველოში დავით კეზერაშვილის ქონებების დაყადაღება იქნება და ერთადერთ ინტერესს ამ შემთხვევაში "ფორმულას" წილი წარმოადგენს.

"შემდეგი რაც იქნება, ვფიქრობთ, ეს არის კეზერაშვილის საქართველოში არსებული ქონებების დაყადაღება და ბუნებრივია, ერთადერთ ინტერესს ამ შემთხვევაში წარმოადგენს ტელეკომპანია "ფორმულას" წილი, რათა საბოლოო ჯამში ქვეყანაში არ იმაუწყებლოს არცერთმა ხელისუფლებისგან დამოუკიდებელმა მედიამ. მთავარი არის ის, რომ ჩვენ ორ დღეში გვაქვს არჩევნები. მოსახლეობამ უნდა გაიაზროს, რომ უკანასკნელ პერიოდში ქვეყანა მიდის გიგანტური ნაბიჯებით რუსეთისკენ, რუსული მმართველობისკენ", - აღნიშნა ზუკა გუმბარიძემ. 

ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტროს, დავით კეზერაშვილისა და მისი თავდაცვის მინისტრობის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვს. უწყება "დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის" ანაზღაურებას ითხოვს.

მანამდე, 7 სექტემბერს, უზენაესმა სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. კეზერაშვილს ბრალდება ერთ-ერთ საწვრთნელ პროექტში 5 მილიონ 60 ათასი ევროს გაფლანგვისთვის ჰქონდა წარდგენილი. დაცვის მხარემ საქმე ორ ინსტანციაში მოიგო, თუმცა ამის შემდეგ, პროკურატურამ საკასაციო წესით უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.

ამავე თემაზე:

კეზერაშვილის წინააღმდეგ სარჩელი მიზნად ისახავს იმავე სქემის დატრიალებას "ფორმულაში", რაც "რუსთავი 2"-ში მოხდა - ნიკა გვარამია

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი