მარნეულში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების დაკავების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, ლაშა ქველაძეს და მის მამას, გივი ქველაძეს, პარტიის ოფისიდან გამოსვლის შემდეგ, პოლიციის რამდენიმე ავტომობილმა გზა გადაუკეტა. მამა-შვილი ავტომობილიდან ჩამოსვეს და პოლიციის შენობაში გადაიყვანეს.
მოგვიანებით, გივი ქველაძე გაათავისუფლეს, თუმცა რამდენიმე წუთში კვლავ პოლიციის შენობაში დააბრუნეს. რაც შეეხება ლაშა ქველაძეს, ის რუსთავში გადაიყვანეს.
მარნეულის პოლიციის შენობასთან ქველაძეების ახლობლები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არიან შეკრებილი. ახლობლები ამბობენ, რომ მათ ოჯახზე ხელისუფლების მხრიდან ტერორი ხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ დაკავებული ლაშა ქველაძე "ნაციონალური მოძრაობის" მარნეულის საკრებულოს სიის მე-2 ნომერია.
რა გახდა ენმ-ის წევრების დაკავების მიზეზი, ამ დრომდე უცნობია.