ივანიშვილის და „ოცნების“ რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა - NDI-ის თანახმად, ოპოზიცია ერთიანობის შემთხვევაში მმართველ გუნდს არჩევნებში დიდი უპირატესობით ამარცხებს

გამოქვეყნდა:

ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზე, 49%-ზეა დასული. NDI-ის პოლიტიკური რეიტინგები დღეს განხილვის მთავარი თემა გახდა.

ბიძინა ივანიშვილს, რომელიც უკვე 7 წელია, ჭარბი ნდობით ამაყობს, დღეს ისევ პირველ ადგილზეა, ოღონდ ნეგატივის მაჩვენებლით. პოზიტიური რეიტინგით კი „ქართული ოცნების“ ლიდერს თითქმის ყველა ცნობადი პოლიტიკოსი უსწრებს. 

ბიძინა ივანიშვილთან ერთად კატასტროფულია მისი პარტიის რეიტინგიც. ქვეყნის მოსახლეობის 80% „ოცნებას“ არ ემხრობა. „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ მონაცემებით, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, ივანიშვილის პარტია მხოლოდ 20%-იან მხარდაჭერას მიიღებდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 13-ს, „ევროპული საქართველო“ - 8-ს, „ლეიბორისტული პარტია“ – 5-ს, „პატრიოტთა ალიანსი“ – 4-ს, „ახალი საქართველო“ – 3-ს, „დემოკრატიული მოძრაობა“ - 3-ს. ამ მაჩვენებლებით ირკვევა, რომ ოპოზიცია ჯამში, დიდი უპირატესობით ამარცხებს „ქართულ ოცნებას“ და 2020 წელს, ბიძინა ივანიშვილის მმართველობა დასრულდება.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლებაში ყოფნის 8 წელი, „ქართულმა ოცნებამ“ მხოლოდ მოსახლეობის მოტყუებაში გაფლანგა, რაც ხალხის განწყობაზე აისახა. ამავე გამოკითხვით ხალხის 70% უარყოფითად აფასებს ბიძინა ივანიშვილის საუკუნის ტყუილს, რომელმაც პირობა არ შეასრულა და პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის საკითხი ჩააგდო. 

NDI-ის კვლევის კატასტროფული შედეგები, „ქართული ოცნებისთვის“ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტზე თავდასხმის კიდევ ერთი მიზეზი გახდა. რეიტინგების გამოქვეყნების შემდეგ, მმართველმა გუნდმა, NDI-ის ტრადიციულად უნდობლობა გამოუცხადა და ტყუილში დაადანაშაულა.

NDI-ის კრიტიკის შემდეგ კი მამუკა მდინარაძის კაბინეტში ლორა ტორნტონი მივიდა და მმართველი გუნდის პრეტენზიები მოისმინა.

NDI-ის კვლევა ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში ჩატარდა. ამ დროს ქვეყანაში, მწვავე პოლიტიკური პროტესტი და ქუჩის აქციები მიმდინარეობდა. პოლიტიკური კრიზისი კი სწორედ ბიძინა ივანიშვილის საუკუნის ტყუილს და პროპორციული არჩევნების ჩაგდებას მოჰყვა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი