ტრაგედია ბათუმში - 26 მაისის ქუჩაზე, სადაც 8 ოქტომბერს, დილით, კორპუსი ჩამოინგრა, სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. ადგილზე 300-ზე მეტი მაშველია მობილიზებული და 24-საათიან რეჟიმში, ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების პოვნასა და გადარჩენას ცდილობენ.
მაშველებმა ნანგრევებიდან უკვე შეძლეს ორი ცოცხალი ადამიანის და ოთხი გარდაცვლილის ამოყვანა. ამ დროის მონაცემებით, ორივე გადარჩენილი ბათუმის საავადმყოფოებში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და მათი მდგომარეობა მძიმეა.
ოთხი გარდაცვლილიდან კი, როგორც ცნობილია, ერთი 81 წლის ქალია, ერთი მცირეწლოვანი ბავშვი, ორი კი კაცი.
ოფიციალურად არ არის ცნობილი, რამდენი ადამიანია კიდევ ნანგრევებში, თუმცა ცნობილია ის, რომ ტრაგედიის ადგილას ორი ბავშვი ამ დრომდე რჩება.
ცნობილია ისიც, რომ საავადმყოფოში გადაყვანილი 35 წლის ქალის ორივე შვილი ნანგრევებშია მოყოლილი. ბავშვების მამა ამ დრომდე ტერიტორიაზე იმყოფება და საკუთარი შვილების გადარჩენას ელოდება.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსი 8 ოქტომბერს დილით, დაახლოებით 11:30 საათზე ჩამოინგრა. სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, რომელიც კორპუსის ნგრევამდე რამდენიმე წამით ადრეა გადაღებული:
მომხდარის მიზეზი ამ დრომდე უცნობია, თუმცა "მთავარი არხის" ინფორმაციით, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე შენობის ნგრევასთან დაკავშირებით ორი მუშა და აზერბაიჯანის ერთი მოქალაქე გამოიკითხნენ.
საქმე ეხება სამუშაოების არასწორად წარმართვას - კორპუსის ორ სივრცეში პირველ და მეორე სართულებზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. ერთ-ერთს აზერბაიჯანის მოქალაქე აწარმოებდა, რომელსაც შეძენილი ჰქონდა ერთ-ერთი სივრცე. ხოლო მეორეში ყოფილ სალონს რესტორნად აკეთებდნენ.
შინაგან საქმეთა მინისტრი ამ დრომდე შემთხვევის ადგილას იმყოფება. ცნობილია, რომ გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უნებართვო მშენებებლობას გულისხმობს.
ბათუმში იმყოფება პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილიც, რომელიც მხოლოდ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და თქვა, რომ "ნანგრევებში 10-15 ადამიანია მოყოლილი და დაახლოებით 300 მაშველი მუშაობს".
ბათუმის ტრაგედიას, 8 ოქტომბერს, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოეხმაურა მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
იხილეთ ასევე:
ფოტო: Lasha PH