მიშენებები 90-იანების პრობლემაა... არ ვიცი მაგას რა უნდა ვუყოთ - გომელაური

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შესახებ მედიას ახალი ინფორმაცია მიაწოდა და თქვა, რომ ნანაგრევებში კიდევ 3 ადამიანს ეძებენ. მანვე აღნიშნა, რომ ბოლო მონაცემებით ჯამში, 5 ადამიანია გარდაცვლილი.

"თითოეულ აგურსა და "სინკარზე" მუშაობენ სამაშველოები, რომ თუ შეიძლება ადამიანი ცოცხალი იყოს, გადავარჩინოთ. ხელით მუშაობენ ფიზიკურად. ამ 3 ადამიანს რომ ვიპოვით, შესაძლოა, გახშირდეს მუშაობის რითმი. ჩვენი ვარაუდით, გამოძიებით რასაც ვუყურებთ, ნგრევა პირველ სართულზე საყრდენი კედლის გამოღებამ გამოიწვია, დაზუსტებით ვერ გეტყვით", - თქვა გომელაურმა. 

მინისტრის თქმით, პასუხისგებაშია მიცემული 3 ადამიანი, ბინის მეპატრონე და 2 მუშა. მისივე თქმით, ბათუმის მერიის თანამშრომლები ჯერ არ გამოუკითხავთ

საჯარო რეესტრის მონაცემებთან და სამუშაოების ნებართვებთან დაკავშირებით მინისტრმა თქვა, რომ ინფორმაცია არ აქვს, თუმცა "გამოძიება ყველა მიმართულებით მიმდინარეობს".

"მიშენებების პრობლემა, სამწუხაროდ, 90-იანი წლების პრობლემაა როგორც ბათუმში, ასევე თბილისში. არ ვიცი მაგას რა უნდა ვუყოთ და რა უნდა უყოს ხელისუფლებამ. პრობლემაა ეს დიდი მთელს ქვეყანაში არამარტო ბათუმში. ხელისუფლებას უნდა მიეხედა საბჭოთა კავშირი რაც დაინგრა დღემდე, ყველა ხელისუფლებას მათ შორის.

დაშენებები არ ვუსვამდი ხაზს, არც ვახსენებდი არც მე, არც თორნიკე რიჟვაძე. ეს არ დაშენებულა არც 5 წლის წინ, არც 6 წლის წინ, ეს დაშენდა 15 წლის წინ ზუსტად ამ კორპუსზე, რაც ჩამოინგრა. ნებართვები ამოიღეთ როდის არის გაცემული. ნებართვა გაცემულია დაშენებაზე", - აღნიშნა შს მინისტრმა 

გომელაურმა ასევე თქვა, რომ არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, იყო თუ არა საშიშ სამშენებლო სამუშაოებზე ადგილობრივების მიერ შეტყობინებები შესული პოლიციაში. 

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი გუშინ, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. მომხდარის შედეგად ნანგრევებში მოყვა 10-ზე მეტი ადამიანი. მაშველებმა მომხდარიდან მალევე ამოიყვანეს ნანგრევებში მოყოლილი მცირეწლოვანი, რომელიც კორპუსთან მდგარ ავტომობილში იმყოფებოდა. უშუალოდ შენობაში მყოფი ადამიანებიდან ამ ეტაპზე მეხანძრე-მაშველების მიერ ამოყვანილია ორი მოქალაქე, რომლებიც გადაყვანილი არიან საავადმყოფოში. ასევე, ნანგრევებში ნანახი იქნა ხუთი ცხედარი, საიდანაც ორი ბავშვია. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ დრომდე გრძელდება.

იხილეთ ასევე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი