
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება. კორპუსის ნანგრევებიდან გვიან ღამით ამოყვანილი ქალი კი ბათუმის რეფერალურ კლინიკაში დღეს დილით გარდაიცვალა.
36 წლის ქალის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისას უკვე კრიტიკული იყო, ექიმების ინფორმაციით მას გული რამდენჯერმე გაუჩერდა. ქალი დაახლოებით 9 საათი იმყოფებოდა ნანგრევების ქვეშ. ექიმის თქმით, მას სასწრაფო დახმარების მანქანაში გაუჩერდა გული და კლინიკაში გაჩერებული გულით შეიყვანეს, გულის ამუშავება შემდეგ მოხერხდა, თუმცა, სამწუხაროდ, ახალგაზრდა ქალის გადარჩენა ექიმებმა მაინც ვერ შეძლეს.
" შემოსვლისთანავე მისი მდგომარეობა შეფასდა მძიმე და კრიტიკული. სასწრაფო დახმარების მანქანაშივე აღენიშნებოდა სიმძიმის ყველა ნიშანი, ჰქონდა გულის გაჩერება და შემოვიდა გულის გაჩერებით. ორმხრივი მიდრიაზით, მიმდინარე სისხლდენით. ღამის განმავლობაში 4-ჯერ დაფიქსირდა გულის გაჩერება. ჩაუტარდა ჰემოდიალიზი. დღეს დილით 10-ს რომ 25 წუთი აკლდა დაფიქსირდა ბუნებრივი სიკვდილი",- თქვა თამარ მხატვარმა ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 6-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა, ხუთი ცხედარი მაშველებმა ნანგრევებიდან ამოასვენეს - საიდანაც 2 ბავშვია.
ამავე თემაზე: