ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებული 3 პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს. დაკავებულებს შორის ბინის მეპატრონე და 2 მუშაა.
პროკურატურა მათთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
რაც შეეხება დაცვის მხარეს, მუშების ადვოკატი ამბობს, რომ მანამ, სანამ ექსპერტიზის დასკვნა და შესაბამისი ორაგნოების შეფასება საქმეში არ დევს, მისი დაცვის ქვეშ მყოფების პატიმრობა უკანონოდ მიაჩნია. მისივე თქმით, ბრალდებულები უარყოფენ იმ ფაქტს, რომ საყრდენ კედელთან შეხება ჰქონდათ.
"თუ არ იარსებებს ექსპერტიზის დასკვნა და შესაბამისი ორგანოების შეფასება, თუ რამ გამოიწვია ამ კორპუსის ნგრევა, მანამდე ამ პიროვნებების დაკავება მე უკანონოდ მიმაჩნია. რაც შეეხება თავად ბრალდებულების პოზიციას, აბსოლუტურად უარყოფენ იმ ფაქტს, რომ შეხება ჰქონდათ საყრდენ კედლებთან, რომლებსაც სავარაუდოდ შეეძლო ნგრევის გამოწვევა და კორპუსის მთლიანად ჩამოშლა. ისინი აკეთებდნენ მხოლოდ და მხოლოდ იმ სამუშაოებს, რასაც დამკვეთი მიუთითებდა", - ამბობს ადვოკატი, მზია დიასამიძე.
8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად, 9 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის სამი არასწრულწლოვანი.
ამ დროისთვის ადგილზე სამძებრო სამუშაოები შეჩერებულია. შსს-მ მომხდარზე ერთ-ერთი ბინის მეპატრონე და ორი მუშა დააკავა. ბრალის ზუსტი ფორმულირება ასეთია - სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანების გარდაცვალება და მძიმე შედეგი გამოიწვია.