ვინ, როდიდან და როგორ შეძლებს ვაქცინის "ბუსტერ" დოზის გაკეთებას - წესები

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, "ბუსტერ" დოზების გაკეთება ამ ეტაპზე წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, სამედიცინო დაწესებულებაში წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოხდება.

მისივე თქმით, ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის სისტემა მომდევნო კვირას გაიმართება. "ბუსტერ" დოზა საქართველოში მხოლოდ "ასტრაზენეკას" ვაქცინით არ ტარდება.

"ბუსტერ დოზების შემთხვევაში ვაქციანცია შესაძლებელია ჩატარდეს რეგისტრაციის გარეშე და რეგისტრაციითაც, სისტემა გაიმართება მესამე დოზაზე რეგისტრაციისთვის უკვე მომდევნო კვირისთვის.

ქრონიკული დაავადების მქონე პირს დასჭირდება ვაქცინაციაზე წარმოადგინოს ექიმის ცნობა, ან ფორმა 100, რომელიც დაადასტურებს მის ჯანმრთელობის სტატუსს და ამის საფუძველზე მიიღებს ის ბუსტერ დოზას. 50 წლის ზემოთ პირს, რა თქმა უნდა, ცნობის წარდგენა არ სჭირდება და შეუძლია, პირდაპირ დარეგისტრირდეს ან რეგისტრაციის გარეშე მიბრძანდეს აცრისთვის",- თქვა გაბუნიამ.

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, Covid-19 საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი (ბუსტერ) დოზით აცრას Covid-19 დაავადების მძიმე გართულებების მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პირები შეძლებენ, მათ შორის:

  •  50 წლის და უფროსი ასაკის პირები;
  • ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებში მცხოვრებ 16 წელზე მეტი ასაკის პირები, მათ მომვლელები და დაწესებულებაში დასაქმებული პირები;
  • სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები და პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული ბრალდებული/მსჯავრდებული 16 წელზე მეტი ასაკის პირები (მოქალაქეობის სტატუსისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის მიუხედავად);
  • სამედიცინო პერსონალი;
  • 16-დან 49 წლის ჩათვლით ასაკის პირები, ქრონიკული დაავადებებით - ვაქცინაციის სურვილის შემთხვევაში,აღნიშნულმა პირებმა ამცრელ დაწესებულებებს უნდა წარუდგინონ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა – ფორმა №IV-100/ა

ბუსტერ-დოზით აცრა შესაძლებელი იქნება ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 6 თვიანი ინტერვალით და ამისთვის შესაძლებელია იგივე, ან სხვა ვაქცინა გამოიყენონ.

"სინოვაკითა" და "სინოფარმით" აცრილ პირებს დამატებით Pfizer-ის ვაქცინით აცრის შესაძლებლობა მიეცემათ, შემდეგი წესით:

  • ორი დოზით აცრილთა შემთხვევაში, პირებს რომლებსაც მოგზაურობის, სწავლის, მკურნალობის, ან სხვა მიზნით, საზღვარგარეთ წასვლისთვის ესაჭიროებათ ვაქცინაციის ჩატარება, დამატებით შესაძლებელია Pfizer–ის ვაქცინის ორი დოზით აცრა, მეორე დოზას და დამატებით პირველ დოზას შორის მინიმალური ინტერვალი შეადგენს 28 დღეს. - აღნიშნულმა პირებმა ვაქცინაციის სურვილის შემთხვევაში ამცრელ დაწესებულებებს უნდა წარუდგინონ სამგზავრო ბილეთი/ჯავშვანი, მოწვევა ან წერილი სამსახურიდან მივლინების შესახებ, დამსაქმებლის წერილი ხშირი ბიზნეს-ვიზიტების შესახებ და სხვა.
  • პირებს, რომლებსაც პირველი აცრა ჩაუტარდათ სინოფარმის ან სინოვაკის ვაქცინით, შემდგომ ორსულობის დადგომის შემთხვევაში, მეორე აცრა ჩაუტარდებათ Pfizer–ის ვაქცინით.

ცნობისთვის, Pfizer-ის ვაქცინით აცრას ასევე შეძლებენ 12-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვები; იმავე ასაკობრივ ჯგუფში ბავშვები, რომლებიც მოგზაურობის, სწავლის, მკურნალობის, ან სხვა მიზნით, საზღვარგარეთ წასვლისთვის ესაჭიროებათ ვაქცინაციის ჩატარება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი