"ადამიანურად გთხოვთ, მომეცით 10 წუთით უფლება, რომ ვნახო" | მიხეილ სააკაშვილის ექიმს ციხეში არ უშვებენ

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ, საგანგებო განცხადება გააკეთა და თქვა, რომ უკვე რამდენიმე დღეა, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან შესვლის საშუალება არ ეძლევა.

ნიკოლოზ ყიფშიძემ ციხეში შეშვების მოთხოვნით შესაბამის უწყებებს დღეს კიდევ ერთხელ მიმართა და თქვა, რომ მისი ვიზიტი აუცილებელია, რადგან მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა შიმშილობის გამო, საკმაოდ გართულებულია. 

"საკმაოდ რთულია შიმშილობა ამდენი ხნის განმავლობაში. ამას ემატება მისი სისხლის დაავადება და აუცილებელია ჩემი შესვლა და ნახვა. ადამიანურად გთხოვთ, მომეცით 10 წუთით უფლება, რომ ვნახო ბატონი პრეზიდენტი და კიდევ 10 წუთი იმისთვის, რომ ვნახო მისი ანალიზები, დაველაპარაკო ციხის ექიმებს, რომლებიც მეც ძალიან მომწონს. მე, როგორც მოქალაქეს, არ მესმის, რა გავაკეთე ასეთი ცუდი, ან რა უნდა გავაკეთო, რომ შევიდე ჩემ მეგობართან, პაციენტთან, მოვინახულო და გავიგო, რა სიტუაციაშია“, - თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

მანვე ითხოვა, რომ იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივი გადაწყვეტილებით შექმნილ ექიმთა კონსილიუმს კიდევ ორი ექიმი - მარინა აბაშიძე და ვახტანგ კალოიანი დაემატოს. 

მესამე პრეზიდენტთან პირად ექიმის შეშვებას ითხოვენ უფლებადამცველებიც:

"მიხეილ სააკაშვილი უკვე მე-14 დღეა შიმშილობს. ეს უკვე აისახა მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ის არის სუსტად, გართულებული აქვს მოძრაობა, გაფერმკრთალებულია სახეზე და ლოგიკურია, რომ მომავალში კიდევ გაუარესდება მისი მდგომარეობა. ის არის პოლიტპატიმარი და არ ვფიქრობთ, რომ აქ რამე საკამათოა", - თქვა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ამასთან, "მთავარი არხისთვის" ცნობილი გახდა, რომ ყოფილი მაღალჩინოსნები და პოლიციის პოლკოვნიკები, მათ შორის რომან შამათავა, რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მიმართ სოლიდარობის ნიშნად შიმშილობის აქციას იწყებენ. თუმცა, ისინი ვერ ახერხებენ კონტაქტს ვერც ოჯახთან და ვერც მედიასთან, რადგან ციხის ადმინისტრაცია ზარის განხორციელების უფლებას არ აძლევთ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხეში უკვე მე-14 დღეა შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დღეს, 18:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი