
ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არჩადენილი დანაშაულის აღიარებას აიძულებენ.
როგორც მია ზოიძემ აღნიშნა, დეკანოზს დანაშაულის აღიარების სანაცვლოდ შეწყალების გზით გათავისუფლებას სთავაზობენ, თუმცა გიორგი მამალაძე, რომელიც უკვე 4 წელია პატიმრობაში იმყოფება, ულტიმატუმზე უარს ამბობს.
"ის, რაც სასამართლომ და პროკურატურამ ვერ შეძლო, ახლა უკვე მიდის ულტიმატუმებით საუბრები, რომ მის თავისუფლება და ჯანმრთელობა გაუცვალონ დანაშაულის აღიარებაში. მან მითხრა, რომ იყო ამაზე მოლაპარაკებები, ვიღაცები შევიდნენ და უთხრეს, რომ თუ შენ აღიარებ, შეგიწყალებთ. თუმცა, რა თქმა უნდა, მან უარი განაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმედ არის, არ ცვლის თავის ღირსებას თავისუფლებაში", - თქვა ადვოკატმა.
ცნობისთვის, მამა გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ოფიციალური ვერსიით, მას ჩხრეკისას მომწამვლელი ნივთიერება, ნატრიუმის ციანიდი აღმოაჩნდა. პროკურატურის ბრალდების მიხედვით, აღნიშნული ნივთიერებით დეკანოზი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლას გეგმავდა. ციხეში ყოფნის შედეგად დეკანოზის მდგომარეობა თანდათან უარესდებოდა, თუმცა, საპატრიარქოს ხელისუფლებისთვის მისი შეწყალების რეკომენდაციით არ მიუმართავს.
აღსანიშნავია, რომ 16 ივნისს, სტრასბურგის სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელი წარმოებაში მიიღო.