კონკრეტული პირების პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, სისტემაში სერიოზული ხარვეზებია - ნანუაშვილი ციხის ხანძარზე

გამოქვეყნდა:

პენიტენციური სისტემის ხელმძღვანელობას უნდა ჰქონოდა კონკრეტული გეგმა, როგორ იმოქმედონ თანამშრომლებმა ასეთ სიტუაციაში - ასე ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაციის, "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" დირექტორი, უჩა ნანუაშვილი რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძრის გაჩენას, რამაც 2 პატიმრის სიცოცხლე შეიწირა. 

ყოფილი სახალხო დამცველი ამბობს, რომ მომხდარის გამო კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება აუცილებელია.

"ფაქტმა გამოავლინა, რომ სახანძრო უსაფრთხოების წესები პენიტენციურ სისტემაში არ არის დაცული. თანამშრომლებს არ აქვთ კონკრეტული ინსტრუქცია, როგორ უნდა მოიქცნენ ასეთ შემთხვევაში. აუცილებელია კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის აქტის დაყენება. პენიტენციური სისტემის ხელმძღვანელობას უნდა ჰქონოდა კონკრეტული გეგმა, თუ როგორ იმოქმედონ თანამშრომლებმა ასეთ სიტუაციაში. პენიტენციური სისტემა მალავდა ინფორმაციას იმის გამო, რომ სისტემაში არის სერიოზული ხარვეზები. წლების განმავლობაში პენიტენციური სისტემა გახდა უფრო მეტად დახურული საზოგადოებისთვის", - ამბობს უჩა ნანუაშვილი.

ცნობისთვის, რუსთავის ციხეში იმყოფებოდა გუშინ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიაც, რომელმაც თქვა, რომ დაწესებულებაში ხანძრის დროს პატიმრები დახურულ სივრცეში შეიყვანეს. მისი თქმით, იმდენად მძიმე დაკვამლიანება იყო, ქარის მიმართულება რომ იმ კორპუსისკენ ყოფილიყო, სადაც პატიმრები იყვნენ, კიდევ უფრო  მძიმე შედეგი დადგებოდა.

ომბუდსმენა ასევე თქვა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში, სავარაუდოდ, არ არსებობს სახანძრო-უსაფრთხოების წესები

შეგახსენებთ, რომ ხანძარი რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში 14 ოქტომბერს, ციხის სამზარეულოში გაჩნდა. შემთხვევას ორი პატიმრის სიცოცხლე შეეწირა. ძლიერი დაკვამლიანების გამო, პენიტენციური სამსახურის კვებითი მომსახურების კომპანიის რამდენიმე თანამშრომელიც დაშავდა.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაღუპულების შესახებ ინფორმაციას მხოლოდ 15 ოქტომბერს დაადასტურა, მას შემდეგ, რაც ინფორმაცია მედიას პატიმრების ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა მიაწოდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი