პროკურატურის ეზოში ბოტასების გადაყრის გამო დაკავებულ ზვიად კუპრავასა და ლაშა ცუცქირიძეს სასამართლომ 600-600 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მათი ადვოკატი და ახლობლები აცხადებენ, რომ კუპრავა-ცუცქირიძის დაკავება ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნას ემსახურება.
მათ დაკავებას პროკურატურის ეზოსთან გამართული აქცია-პერფორმანსი უძღოდა. უწყებასთან შეკრებილებმა ბოტასების ქურდობისთვის გასამართლებული ყოფილი პროკურორის გავლენების აღდგენა გააპროტესტეს. მათ ადგილზე, სიმბოლურად, ბოტასები მიიტანეს და შემდეგ ეზოში ისროლეს.
გენერალური პროკურორის თანამდებობისთვის კი 14 კანდიდატი იბრძოლებს, მათ შორის, ყოფილი გენპროკურორი ირაკლი შოთაძე.
ყოფილი გენერალური პროკურორი, რომელმაც თანამდებობა ხორავას ქუჩის საქმის გამო მოსახლეობის პროტესტის ფონზე დატოვა, ახლა, სავარაუდოდ, ისევ უკან დაბრუნდება და საარჩევნო წელს ქვეყნის მთავარ საგამოძიებო უწყებასაც ჩაიბარებს.
ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი ფიქრობს, რომ ირაკლი შოთაძესთან ერთად, პროკურატურაში, ოთარ ფარცხალაძის გავლენები ბრუნდება. ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ ირაკლი შოთაძეს ბიძინა ივანიშვილი აწინაურებს და გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დანიშნავს.