ეპიდვითარება უარესდება | ქუთაისის მერია დამკრძალავ ბიუროსთან ხელშეკრულებას აფორმებს

გამოქვეყნდა:

ქვეყანა მძიმე მეხუთე ტალღის ფაზაში შედის. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დღითი დღე უარესდება.
ბოლო ერთი კვირაა თითქმის ყოველდღე 4 ათასზე მეტი ინფიცირებულია. გასული წლის ოქტომბერთან შედარებით წელს ინფიცირების მაჩვენებელი 8 -ჯერ უფრო მაღალია. საშუალოდ 4- ჯერ არის გაზრდილი გარდაცვალების რიცხვიც. 

ქვეყანა კოვიდ პანდემიის მეხუთე ტალღას ვაქცინაციის მინიმუმზე დასული მაჩვენებლით ხვდება. ამ დრომდე მოსახლეობის მხოლოდ 30%-ია აცრილი. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაანონსებული მასობრივი ვაქცინაციის პროგრამა ჩავარდა.

დღეს ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 2 260 მოქალაქე აიცრა საჭირო 30 000-ის ნაცვლად. მათი უმრავლესობა მეორე დოზით, რაც იმას ნიშნავს რომ ვაქცინაციის პროცესში ჩართული ახალი ბენეფიციარების რაოდენობა კიდევ უფრო დაბალია. მომართვიანობა კლინიკებშიც მატულობს. მათ შორის პედიატრიულ განყოფილებებში. დატვირთვით მუშაობენ მოზრდილთა რეანიმაციული განყოფილებები.​

კორონავირუსის გარდა ძალას სეზონური გრიპის ვირუსიც იკრებს, თუმცა ხელისუფლება მხოლოდ ახლა გეგმავს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის 200 ათასი დოზის შეძენას.

ნაწილი უკვე შემოტანილია, თუმცა ყველა მათგანი მხოლოდ ორსულებსა და მედ პერსონალზე გადანაწილდება. ყველა დანარჩენს ჯერ მოცდა მოუწევს. მანამ სანამ კერძო კომპანიები გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინებს არ შემოიტანენ. 

მძიმე ტალღის მოლოდინში საგანგაშო შესყიდვებს აკეთებს ქუთაისის მერია. ქალაქის მერი შესყიდვების სააგენტოს მიმართავს და გამარტივებული წესით სარიტუალო მომსახურებისთვის დამკრძალავ ბიუროსთან ხელშეკრულებას აფორმებს. წერილში ახსნილია მიზეზიც - კოვიდპანდემით გამოწვეული კრიტიკულად გაზრდილი გარდაცვლილთა რაოდენობა. 

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი