
ზუგდიდში, ნიკოლაძის ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე ერთი პირი შეიჭრა. ის, სავარაუდოდ, დანით იყო შეიარაღებული. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. თავდამსხმელი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და ხელში დანა ეჭირა. მოლარის თქმით, შეიარაღებული პირი მას თანხას სთხოვდა.
ერთ-ერთი ვერსიით, შეიარაღებული ამბობდა, რომ სადგურის მეწილეს მისი ვალი ჰქონდა. შეიარაღებული პირი ამბობდა, რომ "კუთვნილ თანხას" ითხოვდა.
თავდამსხმელმა თანხის წაღება, სავარაუდოდ, ვერ მოახერხა, რადგან სადგური 8 საათზე იხურება და მორიგე-ოპერატორს ფული უკვე შენახული ჰქონდა. მორიგემ პოლიცია გამოიძახა. შემთხვევის დროს მოლარის გარდა ადგილზე არავინ იმყოფებოდა და შესაბამისად შემთხვევას თვითმხილველი არ ჰყავს.
სავარაუდოდ, მოლარე ოპერატორმა დინით შეიარაღებული პირი ამოიცნო, თუმცა ის მედიასთან მომხდარზე არ საუბრობს. მორიგე-ოპერატორი გამოკითხვაზე გადაიყვანეს.
ბენზინგასამართსადგურზე ამ დროისთვის ექსპერტ-კრიმინალისტები და პოლიციელები მუშაობენ.
ავტორი: ემა გოგოხია