ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 150 სკოლა დისტანციურ რეჟიმზეა გადასული, 400-მდე კლასში კი დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანა ინდივიდუალურად გახდა საჭირო.
გაბუნიას თქმით, სკოლების საერთო რაოდენობასთან შედარებით მაჩვენებელი დაბალია, როგორც მან აღნიშნა, სკოლები ინფექციის შიდა გავრცელების მართვას ახერხებენ, რაც საშუალებას იძლევა, რომ სწავლა სრულად დისტანციურზე არ გადავიდეს.
"150 სკოლაში მოხდა დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა და დაახლოებით 400-მდე ინდივიდუალურ კლასში გახდა დისტანციურ რეჟიმზე მათი გადაყვანა. სკოლების საერთო რაოდენობასთან შედარებით ეს მაჩვენებელი მაღალი არ არის. კარგია, რომ სკოლები ახერხებენ აქტიურად ინფექციის შიდა გავრცელების მართვას, ამდენად ვფიქრობთ, ეს იქნება მექანიზმი რაც საშუალებას მოგვცემს შევინარჩუნოთ სკოლები გახსნილად",-თქვა თამარ გაბუნიამ.
ჟურნალისტებთან საუბრისას გაბუნიამ ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მასწავლებელთა დაახლოებით 65%-ა აცრილი, მისივე თქმით, მაჩვენებელი ცუდი არ არის, თუმცა სასურველია, რომ სკოლებში 80% მაინც იყოს აცრილი.