
"მთავარმა არხმა" ანასტასია შატალავას მკვლელობის საქმეზე დაკავებული ლევან რაჯავის ჩვენება მოიპოვა.
გამოძიება რაჯავს პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასა და დიდი ოდენობით ნარკოტიკების შენახვას ედავება.
რაჯავი ჩვენებაში ყვება, თუ როგორ მივიდა, მასთან ამავე საქმეზე ბრალდებული ბიძინა ხასია და როგორ დააკავეს სამართალდამცველებმა ის:
"მე ვიმყოფებოდი ჩემ საძინებელ ოთახში და კომპიუტერზე აზარტულ თამაშებს ვთამაშობდი. დაახლოებით 3 საათისთვის დამირეკა ბიძინა ხასიამ, მან მკითხა სად ვიყავი და მეძინა თუ არა. ბიძინა ხასია ჩემს კორპუსში ჩემს სადარბაზოში ცხოვრობს, რამდენიმე წუთში ჩემთან მოვიდა.
მან მითხრა "შარში ვარ", მითხრა, რომ "ჩემმა მეგობარმა, ბექა ლატარიამ ვიღაც ქალს ესროლა იარაღი", არ უთქვამს რა იარაღით ესროლა, მან თქვა, ბექა ლატარია ჩემი მანქანით წამოვიყვანეო, თუ სად წაიყვანა არ უთქვამს.
როცა ვსაუბრობდით კარზე კაკუნის ხმა შემომესმა, მამაჩემმა კარი გაუღო და ჩვენთან შემოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები, წარმომიდგინეს დოკუმენტები და დაიწყეს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა. ჩხრეკის დროს ჩემს ოთახში საწოლის ქვეშ ბიძინა ხასიას მიაგნეს.
კითხვაზე გიპასუხებთ, როცა ბიძინა ხასია ჩემთან მოვიდა მითხრა, რომ შენთან გავჩერდები, ვერსად წავალო, მეც დავთანხმდი და ჩემთან დავტოვე. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ბიძინა ხასიას მონაყოლის შემდეგ პოლიციისთვის არ დამირეკავს, რადგან ბიძინა ჩემი მეგობარია, რის გამოც იგი შემეცოდა და ვერ დავურეკე, სხვა რაიმე საქმის შესახებ არ ვიცი",-ნათქვამია ჩვენებაში.
ანასტასია შატალავას მკვლელობის საქმეზე პოლიციამ სამი პირი დააკავა. დაკავებულებიდან ერთ-ერთს, ბაჩუკი ლატარიას გამოძიება განზრახ მკვლელობას, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენას ედავება.
ამავე საქმეზე დაკავებულ ლევან რაჯავს ბრალი პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის გაწევისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ედება.
რაც შეეხება მესამე დაკავებულ, ბიძინა ხასიას, მას ბრალად ედება პოლიციელების სიცოცხლის მოსპობის მცდელობა, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა, ტარება.
გამოძიების თანახმად, დაკავებულთაგან ლევან ლატარიამ ახალგაზრდა ქალს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა და ადგილიდან ბიძინა ხასიას მანქანით მიიმალა, რა დროსაც მას მკვლელობის შესახებ უამბო. ლატარია მისსავე სახლში, გაქცევის მცდელობის დროს დააკავეს და ბინიდან ნარკოტიკი ამოიღეს. ბიძინა ხასია კი დანაშაულის დაფარვისთვის მისი მეგობრის - ლევან რაჯავის სახლში აიყვანეს, რა დროსაც, გამოძიების ცნობით, მან ხელყუმბარა საბრძოლო მოქმედებაში მოიყვანა, სამართალდამცველებისკენ ისროლა და მიმალვა სცადა.