ორმეტრიანი დისტანცია პლაჟზე - აჭარაში ტურისტული სეზონისთვის ემზადებიან

გამოქვეყნდა:

ერთ თვეში აჭარაში ტურისტული სეზონი იხსნება. რომელ ქვეყნებს ვუხსნით საზღვრებს და შემოვუშვებთ თუ არა საქართველოში რუსეთის მოქალაქეებს, მაშინ როდესაც ამ ქვეყანაში ეპიდემია აღმავალ ფაზაშია და სასაზღვრო კონტროლის მიუხედავად, რისკების აბსოლუტური გამორიცხვა შეუძლებელია?

შავი ზღვის სანაპიროზე ტურისტების მისაღებად ემზადებიან. აჭარაში ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი ტურიზმზეა დამოკიდებული. მთელი წლის მანძილზე ზაფხულის სეზონს ელოდებიან. დამსვენებლებზე დამოკიდებული ადგილობრივების ნაწილს მხოლოდ შიდა ტურიზმის იმედი აქვს და სხვა ქვეყნის მოქალაქეების მასპინძლობას შიშის გამო არც კი ფიქრობენ. ზოგი კი ფიქრობს, რომ მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტურისტების მიღება, იმისათვის რომ ეკომონიკურ კრიზისს გაუმკლავდნენ.

რამდენად დასაშვებია ამ სეზონზე შავი ზღვის სანაპიროზე დასვენება? კოვიდ 19-ის გავრცელების თვალსაზრისით, ეპიდემიოლოგები ზღვის წყალს ნაკლებად საშიშად, კორონავირუსის გავრცელების კერად უფრო სანაპირო ზოლს მიიჩნევენ. მათი აზრით, სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს პლაჟი, სადაც ნიავი უბერავს და ადამიანებს შორის ორ მეტრიანი სიციალური დისტანცია შესაძლოა, საკმარისი არ აღმოჩნდეს.

უცნობია, რა წესების დაცვა მოუწევთ მოქალაქეებს სანაპიროებზე. ბათუმის ბულვარს სამზადისი არ ეტყობა - ყველაფერი ისეა, როგორც წინა წელს.

ბათუმში დამსვენებლებისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან კაფე-რესტორნები, რომლებიც სტუმრების მიღებას ხვალიდან შეძლებენ. როგორც "მთავარ არხს" ერთ-ერთი რესტორნის მფლობელი უყვება, მაგიდებს შორის ორმეტრიან დისტანციას დაიცავენ და შესაბამისად მაგიდების რაოდენობაც შემცირდება - თუ ტერიტორიაზე გასულ წელს 60 მაგიდა იდგა, დღეს მხოლოდ 20 მაგიდის განთავსება იქნება შესაძლებელი.

ტურიზმის ჩავარდნა ქვეყნისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში კარგი რომ არ იქნება ამაზე ყველა თანხმდება, მითუფრო მაშინ, როცა ეკონომიკაში ტურიზმის წილი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს როგორ იცხოვრებს რეგიონი წლის მანძილზე. თუმცა ფაქტია, ჩვენ და უპირველესად სახელმიწიფომ უნდა გაითვალისიწინოს კორონავირუსით გამოწვეული საფრთხეები და მოახლოებული ტურისტული სეზონი არ იქცეს ახალი პანდემიის ეტაპის დასაწყისად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი