ამ წუთებში რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში ექიმების მრავალპროფილური ჯგუფი იმყოფება, ცოტა ხნის წინ იქ მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყოფშიზეც მივიდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, გადაიყვანენ თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტს სამედიცინო დაწესებულებაში.
საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ცნობილი გახდა, რომ შიმშილობის გამო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ის უკვე 23-ე დღეა საპატიმროში პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისთვის იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით, მრავალპროფილური ექიმთა ჯგუფი შეიქმნა, ისინი საპატიმროში რამდენჯერმე იმყოფებოდნენ.
ამ დრომდე უცნობია, საჭიროების შემთხვევავში რომელ კლინიკაში გადაიყვანენ მესამე პრეზიდენტს. 21 ოქტომბერს იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ თუ გადაყვანის საჭიროება დადგება მას გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანენ.
მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გლდანის ციხის საავადმყოფოში ნიშნავს, რომ სახელმწიფო მის ჰოსპიტალიზაციაზე უარს ამბობს. თავად მესამე პრეზიდენტი გლდანის საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს აცხადებს.