მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გლდანის ციხის საავადმყოფოში ნიშნავს, რომ სახელმწიფო მის ჰოსპიტალიზაციაზე უარს ამბობს.
დიტო საძაგლიშვილის თქმით, იუსტიციის სამინისტრო ექიმების კონსილიუმის რეკომენდაციებს არ ასრულებს.
"იუსტიციის სამინისტრო არ ასრულებს კონსილიუმის რეკომენდაციას და მათ უბრალოდ არ სურთ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია. რაც შეეხება უშუალოდ, მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას, ეს რეალურად ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელმაც ამ ქვეყანაში კრიმინალი დაამარცხა, მოათავსონ ხელისუფების მიერ ორგანიზებულ და წაქეზებულ კრიმინალებთან, რაც ბუნებრივია არ გამოვა, ეს არის, სახელმწიფოს მხრიდან უარის თქმა მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზებაზე",- ამბობს დიტო საძაგლიშვილი.
ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს საჭიროების შემთხვევაში სამკურნალოდ პენიტენციური სამსახურის #18 დაწესებულებაში გადაიყვანენ.