ექსკლუზივი: ვიდეომასალა, სადაც ანასტასია შატალოვას მკვლელობაა გადაღებული

გამოქვეყნდა:

"შაბათის მთავარის" მაყურებელი პირველად ნახავს ექსკლუზიურ ვიდეომასალას, როგორ ჩაუსაფრდა 25 წლის შატალოვას სახლთან ქილერი და როგორ ესროლა მას ისე რომ არც სათვალთვალო კამერას მორიდებია და არც კორპუსში მცხოვრებ ადამიანებს.

მასალა მძიმეა და არაა სასურველი 18 წლამდე ასაკის მაყურებელმა ნახოს.

სათვალთვალო კამერების ჩანაწერით დგინდება, რომ ახალგაზრდა ქალს ჩასაფრებით, შეიარაღებული თავდასხმა მოუწყვეს და პირველი ტყვია 1-ის 19 წუთსა და 45-ე წამზე ესროლეს. თავდამსხმელმა შატალოვას მისამართით 7 გასროლა განახორციელა.

ვიდეომასალაში ჩანს, რომ მკვლელი კარგად შენიღბულია, იდენტიფიცირება კი პრაქტიკულად შეუძლებელია. მას პირბადე, კეპი და კაპიშონი ახურავს. ხელზე, რომელშიც იარაღი უჭირავს, ხელთათმანი არ უკეთია. შავ პოლიეთილენის პარკს კი მარცხენა ხელიდან არ უშვებს. 7 გასროლის შემდეგ შატალოვა გარბის, მამაკაცი კი შემთხვევის ადგილს ტოვებს.

მივყვეთ ქრონოლოგიურად.

ვიდეომასალაში ჩანს, რომ თავდამსხმელი დანაშაულის ადგილზე მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე ჩნდება. პირველად სათვალთვალო კამერა მას 20 საათსა და 15 წუთზე აფიქსირებს. აცვია სამხედრო ქურთუკი და მარჯვენა ხელზე ხელთათმანი უკეთია.პოლიეთილენის პარკი, რომელიც თავდასხმის დროს ხელში აქვს და სავარაუდოდ ქურთუკი უდევს ამ ვიდეოში არ ჩანს.

მკვლელი ტერიტორიაზე გადაადგილდება და პერიოდულად ტელეფონზე საუბრობს. სათვალთვალო კამერას ფოტოს უღებს და შეტყობინების სახით აგზავნის. მამაკაცს შემთხვევის ადგილზე კამერა 21 საათსა და 57 წუთზე აფიქსირებს. 22 საათსა და 6 წუთზე კი თავდამსხმელი სადარბაზოდან გამოდის.  საცხოვრებელ კორპუსში ის სავარაუდოდ, შენობის უკანა მხარეს, ავტოფარეხის შესასვლელიდან შედის. 

მსხვერპლი საცხოვრებელი კორპუსიდან, სადარბაზოს გარეთ დამონტაჟებული კამერის მიხედვით, 22 საათსა და 29 წუთზე გამოდის. ხილ-ბოსტნის მაღაზიის კამერით დრო კი ამ მომენტში 22 საათსა და 41 წუთს აჩვენებს. დროში ცდომილება 12 წუთია. ანასტასია შატალოვა, მერსედესის მარკის ავტომობილში ჯდება და საქმის მასალებში არსებული, ძიძას ჩვენებით ის პეკინის 20- ში მეგობარ იანასთან, შემდეგ კი ყაზბეგის 25-ში მიდის. 

მტკიცებულებებით დგინდება, რომ ქალის ქონება, თავდამსხმელის ინტერესის საგანი არ არის, რადგან 7 გასროლის შემდეგ, მკვლელმა მსხვერპლის პირადი ნივთები, მათ შორის ფული ხელუხლებელი, შემთხვევის ადგილზე დატოვა. 

ფოტომასალაში ჩანს, როგორ აზიანებს შავებში ჩაცმული მამაკაცი გარე განათების ელექტროსადენებს. ამ დრომდე დაუდგენელი პირი, შემთხვევის ადგილზე 21 სექტემბერს, ანუ მკვლელობამდე 28 დღით ადრე მიდის და საგანგებოდ ამზადებს ტერიტორიას.

საგამოძიებო დოკუმენტებში დევს ბრალდებულ ბიძინა ხასიას გამოკითხვის ოქმი, რომლითაც ირკვევა, რომ  მან, შატალოვას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული, ბექა ლატარია, შავი პარკით ხელში საბურთალოზე, "თბილისი გარდენსის" ტერიტორიაზე 7 საათზე მიიყვანა. ეს ტერიტორია მკვლელობის ადგილს რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული. ხასიამ ლატარია იგივე ტერიტორიიდან უკან ღამის 12 საათის შემდეგ წამოიყვანა. 

ხასიას ამ ჩვენების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობას ითხოვს. ოჯახი  ამტკიცებს, რომ პოლიცია ხასიას ამ აღიარებითი ჩვენების მოსაპოვებლად სასტიკად გაუსწორდა. ხასიამ სასამართლო სხდომაზე, გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება სრულად უარყო.

ბიძინა ხასიას გამოკითხვის ოქმის მიხედვით, კიდევ ორი გარემოება იკვეთება, ის რომ მკვლელობა დაკვეთით შესრულდა და საკონტაქტო პირი სავარაუდოდ ე.წ კანონიერი ქურდი "ჭია", იგივე ლაშა ბარათელი იყო. ამავე ჩვენებით ირკვევა, რომ ლატარიას მიზანი ბევრ ფულთან ერთად, ძვირფასეულობის მიღება იყო, იმისთვის რომ ე.წ კანონიერი ქურდი გამხდარიყო.

შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილია ორი სიგარეტის ნამწვი, რომელიც შესაძლოა "ქილერს" ეკუთვნოდეს, თუმცა ამ მტკიცებულებებით გამოძიება არ დაინტერესებულა და არც ექსპერტიზა ჩაუტარებია.

საგამოძიებო ეტაპზე შედგენილი დოკუმენტების მიხედვით, 18 ოქტომბრის ღამეს ბექა ლატარია და ბიძინა ხასია მათ საცხოვრებელ მისამართზე ერთად ბრუნდებიან, რის შემდეგაც მათი გზები იყოფა. ჯერ ბექა ლატარიას, შემდეგ კი ბიძინა ხასიას აკავებენ, რომელიც მეზობლის, ლევან რაჯავის სახლში იმალება.

გამოკითხვის ოქმებში ჩანს, რომ ბიძინა ხასია სამართალდამცველების მისვლის მოლოდინშია და ხელში აქვს ხელყუმბარა, რომელიც პოლიციის გამოჩენის შემდეგ, საბრძოლო მოქმედებაში მოჰყავს. თავის დაღწევის მიზნით კი, მე-9 სართულიდან მე-8 სართულის აივანზე ხტება.

სახლში სადაც, საქმის მასალების მიხედვით, ბიძინა ხასია ჩახტა, რამდენიმე სული ცხოვრობს. ხასიას მეზობლები ამბობენ, რომ ხელყუმბარა არავის უნახავს. დაზიანებები კი, რომელიც დღეს ბრალდებულს აღენიშნება, დაკავების დროს არ ჰქონია.

როგორც ჩანს, საგამოძიებო უწყება, მკვლელობის მოტივის დასადგენად მტკიცებულებებს ამ დრომდე ეძებს. ამ ეტაპზე საქმეში არსებული მასალებით ირკვევა მხოლოდ ის, რომ პროკურატურას დაკავებულების წინააღმდეგ არცერთი პირდაპირი მტკიცებულება არ აქვს, სწორედ ამიტომ ადვოკატები ამბობენ, რომ არსებული მასალები დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი