
ფოთში, ურთიერთშელაპარაკების შედეგად ახალგაზრდა ქალი დაჭრეს. დაზარალებული ერთ-ერთი მარკეტის თანამშრომელია, სავარაუდო დამნაშავე კი 30 წლამდე ქალი.
წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულს ზურგის არეში ჭრილობები შუშის ბოთლით აქვს მიყენებული. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1988 წელს დაბადებული თ.გ. შემთხვევის ადგილზე დააკავა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ეჭვიანობის ნიადაგზე, ნაცნობს - 1979 წელს დაბადებულ თ.ც.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. დაშავებული ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.