საზტრანსპორტში არსებულმა ვითარებამ შეიძლება პანდემიის გავრცელებას შეუწყოს ხელი - ექსპერტთა შეფასება

გამოქვეყნდა:

საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემამ შეიძლება უფრო მასშტაბური სახე მიიღოს და ქვეყანაში ეპიდემიის თავიდან გავრცელებას შეუწყოს ხელი. 

ხალხმრავლობა საზტრანსპორტში, გადატვირთული ავტობუსები და მიკროავტობუსები და მოქალაქეები, რომლებიც წესებს არ იცავენ, შეიძლება სერიოზულ პრობლემად იქცეს.

სპეციალისტების თქმით, შექმნილი სიტუაცია სავალალოა და საზოგადოებრივ ტრანსპორტთან მიმართებაში არ სრულდება ევროკავშირის არც ერთი რეკომენდაცია. თბილისის მერიამ მხოლოდ მოწოდებით მიმართა ხალხს, რომ პირბადეები ეტარებინათ, რაც ექსპერტთა თქმით, საკმარისი არ არის. 

თითქმის ყველა ეთერიდან მოვუწოდებდით თბილისის მერიას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენისთანავე შეეცვალათ მიდგომა და პოლიტიკა, განსაკუთრებით პიკის საათებში, მინიმუმამდე დაეყვანათ ინტერვალი როგორც ავტობუსების, ისე მეტროპოლიტენის შემთხვევაში, რათა სიმჭიდროვის კოეფიციენტი შეცვლილიყო და ნაკლები ყოფილიყო ვირუსის გავრცელების რისკები, - ამბობს პლატფორმა "ჰაბ ჯორჯიას" აღმასრულებელი დირექტორი ვასილ ურუშაძე

ურუშაძის თქმით, მერია საპირისპიროდ მოიქცა და მეტროებსა და ავტობუსებს შორის ინტერვალი გაზარდა.

სპეციალიტებს იმედი ჰქონდათ, რომ მერია სამი თვის განმავლობაში მინიმალურ რეკომენდაციებს მაინც გაითვალისწინებდა. 

გვქონდა იმედი, რომ იმას მაინც გააკეთებდა მერია, რომ მძღოლი იქნებოდა იზოლირებული კაბინის საშუალებით, მაგრამ დღეს ჩვენი მძღოლები მუშაობენ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად და მთავარი რეკომენდაცია, რომ შეექმნათ მგზავრის დამხმარე პერსონალის სამსახური, რომელიც ახსენებს მგზავრს წესების დაცვის შესახებ, - ამბობს საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი.

სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული ვითარება პანდემიასთან ბრძოლის მეთოდებს არ შეესაბამება.  

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი