გლდანში, 84-ე საარჩევნო უბნიდან ოპოზიციის 2 დამკვირვებელი გამოაძევეს. უბანზე სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც "ოცნების" ცნობილი აქტივისტი შაკო კუჭაშვილი მივიდა და დამკვირვებლებს დაუპირისპირდა.
პარალელურად უბნის გარეთ მობილიზებულები იყვნენ ე.წ. ძველი ბიჭებიც, რომლებიც სავარაუდოდ სწორედ ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლისთვის მიიყვანეს. "მთავარი არხის" კამერებმა 84-ე უბანზე კახა კალაძის დაცვის წევრი, გელა ქანაშვილი და ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენელი გიორგი იანტბელიძე დააფიქსირა.
"გლდანში ვცხოვრობ და მოვედი არ შეიძლება? გლდანელი ბიჭი ვარ, სპორტსმენი ბიჭი ვარ. გიყურებთ თქვენ, კარგები ხართ, ლამაზები ხართ. იმედი მაქვს, რომ ჩვენი სპორტსმენი მეგობარი მოიგებს ყველგან", - ამბობს იანტბელიძე.
უბნანზე დაპირპსპირების ერთ-ერთი ფაქტი ამომრჩევლის მიერ ხელმეორედ ხმის მიცემას უკავშირდება. ამასთან დაკავშირებით 84-ე უბნის კომისიის თავჯდომარემ თქვა, რომ ამომრჩეველმა შეცდომით მერობის ორივე კანდიდატი შემოხაზა, ამიტომ ახალი ბიულეტენი მისცეს, ძველი კი დაახარვეზეს.
"კაბინაში გაუფუჭდა ბიულეტენი, ორივე კანდიდატი ჰყავდა მოხაზული და ამიტომ გაფუჭდა ბიულეტენი", - ამბობს კომისიის თავმჯდომარე.
ოპოზიციის დამკვირვებლები ამბობენ, რომ ხელისუფლებას გლდანის 84-ე უბნის ჩაშლა სურს.
ამავე თემაზე: