არჩევნების დღეს ფოთში მომხდარი ინციდენტის ფაქტზე, რა დროსაც "მთავარი არხის" კორესპონდენტს, ირაკლი ბახტაძეს თავს დაესხნენ, გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მუხლით მიმდინარეობს.
ბახტაძე საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დღეს დაიბარეს. მისთვის გაუგებარია, რატომ დაიწყო გამოძიება მხოლოდ ერთი მუხლით მაშინ, როდესაც ფოთში ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლასთან ერთად, ცემასა და ძალადობას ჰქონდა ადგილი.
""ჯერჯერობით ჩემთვის უცნობია მოხდა თუ არა იმ პირების იდენტიფიცირება, ვინც გუშინ მთელი დღის განმავლობაში "მთავარი არხის" მიმართ აგრესიას გამოხატავდნენ, ახდენდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას.
რამდენიმე წუთში ვარ დაბარებული ფოთის სამმართველოს პოლიციაში. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 154-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას, თუმცა ჩემთვის გაურკვეველია, რატომ დაიწყო მხოლოდ ერთი მუხლით გამოძიება, როდესაც საქმე გვაქვს ცემასთან და სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფასთან. რამდენიმე წუთში შევალ გამომძიებელთან და გადავცემ იმ კადრებს, სადაც კარგად ჩანან ეს პირები",- ამბობს ირაკლი ბახტაძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს ფოთში სიტყვიერად და ფიზიკურად თავს დაესხნენ.