ორივე ახალარჩეული მოსამართლე კლანთან დაახლოებული პირია - დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი 

გამოქვეყნდა:

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი 31 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 2 ახალი წევრის არჩევას ეხმაურება და წერს, რომ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი კიდევ უფრო შორს წავიდა და იუსტიციის საბჭოს წევრთა ვაკანსიების არარსებობის პირობებში დააყენა ახალი წევრების არჩევის საკითხი.

მათი განცხადებით, მოსამართლეები ამჯერადაც მოწყვლადი აღმოჩნდნენ გავლენიანი ჯგუფის ნების წინააღმდეგ, რის შედეგადაც საბჭოს ორმა წევრმა თეა ლეონიძემ და თამარ ონიანმა მიმართა კონფერენციას იუსტიციის საბჭოს წევრობის ვადამდე შეწყვეტის განცხადებით. 

"მნიშვნელოვანია, რომ მათ არ აუხსნიათ თავიანთი გადაწყვეტილების საფუძველი. ორი ქალის მიერ ერთდროულად მაღალი თანამდებობის გაურკვეველი მიზეზით დატოვება საბჭოში, სადაც ყოველთვის კაცი წევრები დომინირებდნენ, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს და საეჭვოს ხდის მათ მიერ ნამდვილი ნების გამოხატვას.

მოსამართლეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ, უალტერნატივო არჩევნებში, მხარი დაუჭირა საბჭოს წევრებად გიორგი გოგინაშვილის და პაატა სილაგაძის არჩევას. ორივე მოსამართლე არის კლანთან მჭიდროდ დაახლოებული პირი", - წერია განცხადებაში.

იურისტები წერენ, რომ გიორგი გოგინაშვილი - საზოგადოებისთვის ცნობილია როგორც ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების საკითხის სააპელაციო სასამართლოში განმხილველი მოსამართლე, რომლის სასამართლოს გავლენიან მოსამართლეებთან კავშირების შესახებ ინფორმაცია საჯაროდ არის ხელმისაწვდომი. ამასთან, გიორგი გოგინაშვილი 5 ოქტომბრამდე იკავებდა მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრის თანამდებობას.

პაატა სილაგაძე - საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი 2018 წელს პარლამენტისთვის წარდგენილი სკანდალური სიის წევრი. იგი ერთხელ უკვე იყო იუსტიციის საბჭოს წევრი. მან თავისი კანდიდატურა მოხსნა საბჭოს მდივნობის კანდიდატობიდან ლევან მურუსიძის სასარგებლოდ. მისი ძმა ლაშა სილაგაძე, დაკავშირებულია ბიძინა ივანიშვილის სხვადასხვა კომპანიასთან და კავშირი აქვს ივანიშვილის გარემოცვის ახლო წევრებთანაც.

"მოსამართლეთა კონფერენციის შედეგი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმას, რომ სასამართლო სისტემას აკონტროლებს პირთა ერთი ჯგუფი - კლანი, რომელიც ცდილობს შიდა საკადრო გადაადგილებები განახორციელოს ისეთ ვითარებაში, რომ ერთი მხრივ, მაქსიმალურად თავიდან აირიდოს საზოგადოებრივი ყურადღება, ხოლო მეორე მხრივ, ადმინისტრაციულ თანამდებობებზე განაწესოს პირები კლანისადმი ერთგულების ნიშნით", - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეულ 7 მოსამართლე წევრს შორის მხოლოდ ერთი ქალი წევრი დარჩა.

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი მოუწოდებს საზოგადოებას ამ მიმართულებით აქტიურობისკენ:

  • ქვეყანაში სამართლებრივი სიმშვიდის დასამყარებლად, პოლარიზაციის და დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, ყველა პარტიის წარმომადგენელი პოლიტიკოსი, ადვოკატთა ასოციაცია, არასამთავრობო სექტორი, აკადემიური სფეროს წარმომადგენელი უნდა გაერთიანდეს გავლენიანი ჯგუფის მმართველობისგან მართლმსაჯულების გათავისუფლების იდეის ირგვლივ.
  • მათი ფართო ჩართულობით დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მუშაობა შესაბამისი მექანიზმების შემუშავებასა და ხელისუფლებისგან მათი განხორციელების მოთხოვნის გეგმაზე.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი