
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს. უწყების ცნობით, ბრალდებულმა 48 133 232 ლარის ღირებულების ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები გაწერა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღებისა და დღგ-ს ყალბი აქტივების შექმნის მიზნით, მისი ფაქტობრივი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, გაწერა 48 133 232 ლარის ღირებულების ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, თითქოსდა განახორციელა სამშენებლო მასალების მიწოდება, რა გზითაც მისსავე კომპანიებს შეუქმნა ჯამში 6 697 835 ლარის ოდენობის ყალბი აქტივი, რის შემდეგაც ერთ-ერთი კომპანიის სახელით, მოითხოვა კომპანიის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ფიქტიურად შექმნილი ზედმეტობიდან თანხის ნაწილის - 804 381 ლარის უკან დაბრუნება", - წერია უწყების განცხადებაში.
გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა, შექმნილი ყალბი აქტივიდან, შეძლო მხოლოდ 89 564 ლარის გამოყენება კომპანიების მიმდინარე საბიუჯეტო ვალდებულებების დასაფარად.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილებით, 180-ე და 185-ე მუხლების მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით