დაპირისპირება სასამართლო სისტემაში - 10 მოსამართლე მოსამართლეების წერილს ემიჯნება

გამოქვეყნდა:

ათი მოსამართლე მოსამართლეების იმ წერილს ემიჯნება, რომელიც გუშინ გავრცელდა და სადაც აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების კრიტიკის პასუხად ნათქვამია, რომ დიპლომატები ქვეყნის შიდა საქმეებში არ უნდა ჩაერიონ.

განცხადებები მათ სოციალურ ქსელში გაავრცელეს. ე.წ. გამიჯნულ მოსამართლეებს შორია არიან თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზაზა მარტიაშვილი, მოსამართლე თამარ ხაჟომია, სააპელაციოს მოსამართლე შოთა გეწაძე:

"მე არ ვეთანხმები მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის ამ განცხადების პათოსს. ყველა მოსამართლე ასე არ ფიქრობს", – წერს გეწაძე ფეისბუკზე.

ასევე, სააპელაციოს მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი, რომელიც წერს:

"მეტი განსხვავებული აზრის საჭიროება, ძალაუფლების დეცენტრალიზაცია, მართლმსაჯულების ადმინისტრირების პროცესში მეტი დემოკრატია ისევ ჩვენი, მოსამართლეების, ინდივიდუალურ გაძლიერებას ემსახურება. ყველაზე მეტად ვინც ამ საქმეში, ჩვენს გაძლიერებაში შეიძლება წვლილი შეიტანოს, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არიან. მათი ძალისხმევით, წლებია ვცდილობთ ისეთი სასამართლო შევქმნათ, რომელსაც კიდევ უფრო მეტი ნდობა და პატივისცემა ექნება.

ნდობისა და პატივისცემის გარეშე კი კანონის დაცვაც ფიქცია ხდება. ამიტომ, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს მოსამართლეებმა ვესაუბროთ ამ პათოსით, ნიშნავს დაკარგულ შანსს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის.

დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი მოსამართლე ამ შანსს ქვეყანას არ დაუკარგავს. შესაბამისად, ვემიჯნები ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ გაკეთებულ განცხადებას და ვისურვებ, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა დაუღალავად განაგრძონ ჩვენი განვითარებისა და გაძლიერების ხელშეწყობა"-წერს მოსამართლე.

მის პოზიციას იზიარებენ საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა: ეკა არეშიძე, მადონა მაისურაძე, ციცინო კიკვაძე, გიორგი ებანოიძე და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ლევან დარბაიძე

"ვერ გავიზიარებ მსგავს პათოსს საერთაშორისო პარტნიორებთან მიმართებით, რომლებსაც წლების მანძილზე მნიშვნელოვანი მონაწილეობა აქვთ მიღებული სასამართლოს რეფორმაში", - წერს გიორგი ებანოიძე. 

მოსამართლეების პროტესტის მიზეზი წერილის პათოსია. ისინი თვლიან, რომ საერთაშორისო პარტნიორების და ქვეყნის მეგობრების მიმართ ამგვარი დამოკიდებულება დამაზიანებელია სასამართლო სისტემისა და მთლიანად ქვეყნისთვის.

იხილეთ წერილი:

"ვალდებული არიან, არ ჩაერიონ შიდა საქმეებში" - კრიტიკის პასუხად კომიტეტი დიპლომატებს ვენის კონვენციას ახსენებს
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი