
ექსპერტთა ალტერნატიული ჯგუფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულებას ისევ ვერ ახერხებს. ისინი ამ დრომდე ელოდებიან პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ნებართვას, რომელმაც ჯგუფში შემავალ ექიმებს კვალიფიციკაცია დაუწუნა.
ალტერნატიული სამედიცინო კომისიის წევრებისთვის გაუგებარია, რატომ ითხოვს სამედიცინო დეპარტამენტი სერთიფიკატების გადამოწმებას. მათთვის დამატებით ბარიერს ქმნის ისიც, რომ მესამე პრეზიდენტის კლინიკურ და ლაბორატორიული კვლევის პასუხებზე უკვე 10 დღეა, წვდომა არ აქვთ.
"სიმართლე გითხრათ, გაუგებარია ჩემთვის, ცოტა შეურაცხყოფილიც ვარ, რადგან ვერ გავიგე ეს ყველაფერი რას ნიშნავს. კი ბატონო, ინფორმაცია სრულიად ღიაა ინტერნეტში, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს საიტზე და გადაამოწმონ. ბატონმა პრეზიდენტმა თავად გამოთქვა სურვილი ჩვენთან შეხვედრის და იმედი მაქვს, ეს დღეს მოხდება. თუმცა, ჯერჯერობით ვართ სრულიად ინფორმაციულ ვაკუუმში, იმიტომ, რომ არ გვაქვს ბოლო 1 კვირის შესახებ ინფორმაცია, არც ლაბორატორიული. ძალიან ცუდ დღეში ხართ ხალხნო, დიდ პასუხისმგებლობას იღებთ საკუთარ თავზე. თქვენთვის საუკეთესო გამოსავალია, გადაუნაწილოთ თქვენი პასუხისმგებლობა იმ სამედიცინო პერსონალს, ექიმებს ან კომისიებს, რომლებსაც ხელეწიფებათ, რომ ჩაერიონ ახლა მაინც“, - თქვა ენდოკრინოლოგმა ლალი ჯავაშვილმა.
ალტერნატიული ჯგუფის კიდევ ერთი ექიმი, ნევროლოგი ოთარ თოიძე არ გამორიცხავს, ხელისუფლება მათზე პერსონალური მონაცემების დამუშავებას დაშინების მიზნით ცდილობდეს.
"გაუგებარია, რას ნიშნავს გადამოწმება პერსონალური მონაცემების. მეორე - რა იგულისხმება პერსონალურ მონაცემებში ესეც უცნობია და ჩვენ გვებადება ეჭვი, რომ აქ ლაპარაკია დროის გაწელვაზეც ალბათ, თორემ ჩვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ადასტურებს ჩვენს სამედიცინო პრაქტიკას, ეს არის სამედიცინო სერთიფიკატი. მეორე ვარაუდი ეს არის დაშინების მექანიზმი, რომ რაღაც პერსონალური მონაცემები არსებობს და მათ უნდათ ხელი მოწერით დავადასტუროთ, რომ ჩვენი პერსონალური მონაცემების გამოქვეყნება ან შესწავლა დაიწყონ", - თქვა ოთარ თოიძემ.
ცენტრი ემპათია და ალტერნატიული კომისიის ჯგუფი წევრები დღის განმავლობაში აპირებენ, საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართონ.
ამავე თემაზე: