ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გამომძიებელმა ადვოკატს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა - ინციდენტი ქუთაისში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის იმერეთის სამმართველოს შენობასთან მოხდა.
გამომძიებელ გიორგი ძოწენიძეს ადვოკატი ლევან ჭელიძე მისი დაცვის ქვეშ მყოფი ადამიანის საქმესთან დაკავშირებით ჰყავდა დაბარებული. ადვოკატის მტკიცებით, გამომძიებელი მას ნასვამ მდგომარეობაში დახვდა და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.
როდესაც მივედი და ვუთხარი, რომ პატივცემულო, ორ საათზე მეტია გელოდებით, და იქნებ დავილაპარაკოთ საქმესთან დაკავშირებით, ამ დროს ბატონი გიორგი იმყოფებოდა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ. ამ დროს მან გაცხარებულმა დახურა კარი სწრაფად და ორჯერ მომხვდა სხეულზე, ჯერ იდაყვზე, შემდეგ მარცხენა მხარზე - ამბობს ადვოკატი ლევან ჭელიძე.
ადვოკატი მოითხოვს, რომ გიორგი ძოწენიძეს სამსახურეობრივი უფლებამოსილება შეუჩერდეს.
უფლებადამცველის საქმის შესწავლა სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა უკვე დაიწყო. დაკითხვაზე დაბარებულნი არიან გამომძიებელიც და ადვოკატიც. ჯერჯერობით უცნობია, რა მუხლით დაიწყება გამოძიება.