მე-13 გარდაცვლილი საქართველოში - 76 წლის მამაკაცი სოფელ მუშევანიდან არის, რომელსაც ქრონიკული დაავადებები აწუხებდა.
ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 800ს მიაღწია... ამ ფონზე ექიმების შეცდომამ კი შესაძლოა კიდევ ერთი ახალი ინფიცირების კერა ნინოწმინდაში გააჩინოს. რუსეთიდან დაბრუნებულ მამაკაცს 14 დღიანი კარანტინის შემდეგ შემომწება ჩაუტარდა, ვირუსი ვერ დადგინდა და ის სახლში გაუშვეს. ორ დღის შემდეგ კი გაირკვა რომ მამაკაცი ინფიცირებული იყო.
ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი შეცდომას გამორიცხავენ, თუმცა ამბობენ, რომ გარკვეული უზუსტობა მოხდა.
სწორი ინტერპრეტაცია არ არის, რომ ორი დღის შემდეგ აღმოაჩინეს. გარკვეულ შეუთანხმებლობას ჰქონდა ადგილი, რომელსაც ვიკვლევთ. დიდი ალბათობით, ეს ადამიანი არის გამოჯანმრთელებული, - ამბობს ამირან გამყრელიძე.
საბოლოო პასუხს კითხვაზე, დაუსვეს თუ არა ექიმებმა შეცდომა, ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს.