სასამართლოში ამ წუთებში საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული უცხოეთის მოქალაქეებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობა მიმდინარეობს.
პროკურატურა, სავარაუდოდ, ბრალს გადააკვალიფიცირებს და შესაძლოა, დაკავებულები ტერორიზმის მუხლით გაასამართლონ. ცხრავე ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. პროცესი დახურულია, საქმის დეტალები გასაიდუმლოებული.
პროცესი უკვე ორი საათია მიმდინარეობს, სადაც უნდა გადაწყდეს, მიღებულ იქნება თუ არა პროკურატურის შუამდგომლობა და დარჩებიან თუ არა დაკავებულები წინასწარ პატიმრობაში.
დაცვის მხარე ამბობს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ.
დუმილის უფლებას იყენებს, საზღვრის უკანონო დარღვევაზე აქვს ბრალი წაყენებული, რაც შეეხება, გაუთქმელობაზე მაქვს ხელი მოწერილი, ამიტომ დეტალებში ვერ შევალ. ვიტყვი, რომ პროკურატურას ნაჩქარევად აქვს გადაწყვეტილება მიღებული და სიმართლის გარკვევის შემთხვევაში ბევრი ცხრა პირიდან გათავისუფლდება, - ამბობს ადვოკატი დავით მოდებაძე.
დაკავებულებს შორის სამი ადამაინი ერთი ოჯახის წევრია, რომელთაც ბათუმში ჰქონდათ ბიზნეს ინტერესები და მათი ახლობლების მტკიცებით, სწორედ ამ მიზნით იმყოფებოდნენ საქართველოში. ამ ოჯახის ერთერთ წევრს, როგორც ცნობილია, თურქეთის პროკურატურაც ეძებდა.
ამ მომენტში გამოძიება საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებებით მიმდინარეობს.