ჩემი გარდაცვლილი ძმის ბიოლოგიური მასალა რატომ მოხვდა საქმეში? - ეს კითხვა პოლიტიკურმა პატიმარმა გიორგი რურუამ სასამართლო სხდომაზე დასვა, თუმცა შემდეგ განმარტება არ მიუღია. მისი თქმით, ეჭვობს, რომ მისი ძმის დნმ-ის მასალა საქმის გაყალბებისთვის დასჭირდათ.
"ეჭვი მაქვს,რომ ჩემი ძმის სისხლის დატანება უნდოდა იარაღზე, რათა შეექმნათ სურათი, რომ ეს იარაღი ჩემთან სახლში იყო და ამით უნდოდათ გამყარება, - ამბობს რურუა.
პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული მთავარი არხის ერთ-ერთი დამფუძნებელი ამბობს, რომ ამ ფაქტს მსვლელობა აუცილებლად მიეცემა.
რაც შეეხება მიმდინარე სასამართლო პროცესს, როგორც ადვოკატები განმარტავენ, რომ საქმეში დევს ექსპერტიზის ორი დასკვნა. ერთში წერია, რომ გიორგი რურუას ანაბეჭდები საქმეში არსებულ მტკიცებულებაზე არ არის, მეორე დასკვნაში კი წერია, რომ რურუას სამოსზე მეტალიზაციის კვალი აღმოჩენილი არ არის. გარდა ამისა, რურუას ადვოკატი, დიტო საძაგლიშვილი ამბობს, რომ პროცესზე დაკითხულმა ექსპერტმა არ იცის, საიდან მიუტანეს ან ვინ აიღო დნმ-ის ნიმუში, რომელზეც შემდეგ კვლევა ჩატარდა.
მას შესამოწმებლად მიუვიდა მხოლოდ ბამბის ჩხირები. მისთვის უცნობია ვინ აიღო და რა პირობებში მოხდა დნმ-ის ნიმუშის მოპოვება ჩადებული ცეცხლსასროლი იარაღიდან.ყველა პირობა იყო იდეალური რომ ანაბეჭდები დარჩენილიყო იარაღზე, -ამბობს საძაგლიშვილი.
მისი თქმით, ყველა ზემოთ აღნიშნული ფაქტით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გიორგი რურუა უკანონო პატიმარია.
ბრალდების მხარე კი აცხადებს, რომ არ აქვს მნიშვნელობა იარაღზე ამოვიდა თუ არა გიორგი რურუას თითის ანაბეჭდები. ვასილ სამხარაძე ამბობს, რომ მთავარი მტკიცებულება მაინც დნმ-ის კვალია.
"უფრო დიდი სანდოობა აქვს დნმ-ს კვალს, ეს არის უფრო მეტის მომცველი და აღნიშნული გარემოება დასტურდება,რომ რურუას შემხებლობა ჰქონდა .
თუნდაც რომ არ ამოვიდა თითის კვალი იარაღიდან ექსპერტმა გასცა პასუხი, რომ არ არის აუცილებელი. შესაძლოა ადამიანს შეხება ჰქონდეს საგნებთან, მაგრამ ამ ობიექტიდან არ მოხდეს თითის ანაბეჭდის აღმოჩენა, - ამბობს სამხარაძე.
ბრალდებულიც და დაცვის მხარეც დარწმუნებული არიან, რომ იარაღზე, რომელიც საქმეში მთავარი მტკიცებულების სახით დევს, გიორგი რურუას დნმ-ის მასალა ხელოვნურად არის დატანილი.