"შაკო ვარ კასპიდან" - შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის დეტექტივების სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე შს მინისტრის მოადგილის, შალვა ბედოიძის კადრი შალვა ჯინიყაშვილი დაინიშნა.
შსს-ს მაღალჩინოსანმა დღეს გორში, სამოქალაქო აქტივისტების მიერ გამართულ აქციაზე თავის გამოჩენა სცადა და აგრესიით გამოირჩეოდა როგორც აქციის მონაწილეების, ასევე, მედიის წარმომადგენლების მიმართ.
"მთავარმა არხმა" "ოცნების" სამსახურში მყოფი ძალოვანის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოიპოვა. ჩვენი წყაროს ცნობით, ჯინიყაშვილი შიდა ქართლის პოლიციის არაფორმალური მმართველია და მის გარეშე გადაწყვეტილებებს სამხარეოს უფროსიც კი ვერ იღებს.
შაკოს, იგივე შალვა ჯინიყაშვილს პოლიციაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის ბათუმის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსიც იყო თუმცა, გენისპექციის გადაწყვეტილებით სამსახურიდან 2014 წელს დაითხოვეს. სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი ის სკანდალი გახდა, რომელშიც ჯინიყაშვილი გაეხვა და ამას "ბათუმელების" მომზადებული სტატია ადასტურებს. ირკვევა, რომ პოლიციის ჩინოვნიკი შალვა ჯანიყაშვილი ბათუმგორაზე ნასვამ მდგომარეობაში, მანქანის ე.წ. რუპორიდან იგინებოდა, ხელში იარაღი ეჭირა და ხმამაღლა გაიძახოდა, რომ „შაკოა კასპიდან".
"ბათუმელებმა“ ეს მასალა თვითმხილველებზე დაყრდნობით 3 სექტემბერს გაავრცელა. სწორედ მედიასაშუალების მიერ, გავრცელებული სტატია გახდა გენერალური ინსპექციის დაინტერესების და ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უფროსის თანამდებობიდან მისი გათავისუფლების მიზეზი