
კლინიკა "ვივამედში" მისული ადვოკატები 1 საათზე მეტია, დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შესვლას ითხოვენ. უფლებადამცველებმა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს უკვე მიმართეს.
ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა, სასჯელაღსრულების სისტემის პასუხისმგებელ პირებს "მთავარი არხის" გადაცემა "დღის სტუმრის" პირდაპირ ეთერიდან მიმართა და შეშვებაზე ნებართვა მოითხოვა.
"ბადრაგის მოთხოვნა იყო, რომ თანხმობა მოგვეტანა, ვიყავი სასჯელაღსრულების დეპარტამენტში აბსოლუტურად არავინ პასუხისმგებელი პირი იქ არ დაგვხვდა, დაცვის გარდა. შესაბამისად, პირდაპირ ეთერში მივმართავ ნიკა ცხვარაიშვილს, რომ გასცეს და შეატყობინოს ბადრაგს, რომ ჩვენი შეშვება არის სავალდებულო, მოგვცეს საშუალება, რომ ვნახოთ დეკანოზი. არასამუშაო დღეს, მაგრამ როდესაც უდანაშაულო მსჯავრდებულზეა საუბარი, აუცილებელია გავიგოთ რამ განაპირობა მისი გადმოყვანა სასწრაფო წესით. როგორც ჩანს, იქ არანირი პირობები არ არის, ეს წინასწარ ვიცოდით ჩვენ. მივმართავ, ნიკას, მისცეს მითითება ბადრაგს, რომ მოგვეცეს უფლება, ვინახულოთ დეკანოზი. არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, კი, მძიმედ არის ვიცით, მაგრამ ხომ უნდა გავიგოთ რამ განაპირობა გადმოყვანა" ,- თქვა მიხეილ რამიშვილმა
შეგახსენებთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან "ვივამედში" გუშინ, ღამის 3 საათისთვის გადაიყვანეს. ამ დრომდე უცნობია, რა გახდა მისი სამოქალაქო კლინიკაში ჰოსპიტალიზაციის მიზეზი.