
ცუდი ამბავი გვაქვს, სიტუაცია უარესდება, - ეს განცხადება სომხეთის პრემიერმინისტრმა ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე საუბრისას გააკეთა.
ნიკოლ პაშინიანი, რომელიც თავადაც კოვიდინფიცირებულია და იზოლაციაშია, ფეისბუქ ლაივის დროს ამბობს, რომ ქვეყანაში კორონავირუსით უსიმპტომოდ დაავადებული ათასობით ადამიანია, რაც ინფექციის გავრცელებას უწყობს ხელს.
გარდა ამისა, როგორც პაშინიანი ამბობს, ქვეყანას პაციენტების დროული ჰოსპიტალიზაცია უჭირს.
გვყავს ადამიანები, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ, მაგრამ ჩვენ მათი დროულად ჰოსპიტალიზაციის საშუალება არ გვაქვს. ქვეყანაში დაახლოებით 20 ათასი ინფიცირებულია, რომლებმაც არ იციან, რომ ინფიცირებულები არიან, - ამბობს ნიკოლ პაშინიანი.
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ბოლო მონაცემებით, სომხეთში კოვიდ 19-ის სულ 10 ათას 524 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 3 454 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 170 კი გარდაიცვალა.