სპეცოპერაცია მოშიმშილე დეპუტატების წინააღმდეგ - რეგიონებში "ოცნება" ბიუჯეტის დამტკიცებას ჩქარობს

გამოქვეყნდა:

ოპოზიციონერი დეპუტატები ზუგდიდის საკრებულოს შენობის პირველ სართულზე შიმშილობდნენ, თუმცა მას შემდეგ რაც გაიგეს, რომ წინა მოწვევის საკრებულო სასწრაფო წესით, უფლებამოსილების შეწყვეტამდე აპირებდა 2022 წლის ზუგდიდის ბიუჯეტის დამტკიცებას, მეორე სართულზე მდებარე სხდომათა დარბაზში გადაინაცვლეს და იქ გააგრძელეს პროტესტი. 

ოპოზიციის განმარტებით მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი ,,ქართული ოცნების'' პარტიული ინტერესების შესაბამისად შეადგინეს და მისი ძირითადი ნაწილი აიპებსა და სიპებში დასაქმებული კოორდინატორებისა და მხარდამჭერების ხელფასებზეა გათვლილი. მათი შეფასებით ეს კორუფციული სქემით შედგენილი 35 მილიონიანი ბიუჯეტია და მასში საერთოდ არ არის გათვალისწინებული ზუგდიდელების ინტერესები და საჭიროებები.

ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, "ქართული ოცნების" ფრაქციამ სხდომა მაინც გამართა, თუმცა ბიუჯეტის პროექტზე მსჯელობა ორშაბათისთვის გადადო.

რატომ ჩქარობს მმართველი გუნდი მუნიციპალიტეტებში ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებას? ოპოზიცია ამას მმართველი გუნდის შიშით ხსნით, რომ თუ მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიღება ორჯერ ჩავარდა, ეს იქნება საფუძველი, მერის ახალი არჩევნები დაინიშნოს.

როდის დანიშნავს ცესკო საკრებულოების პირველს სხდომას ჯერ უცნობია. ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ ეს დრო საარჩევნო ადმინისტრაციამ მაქსიმალურად გაწელოს და ,,ქართულ ოცნებას'' წინა მოწვევის საკრებულოების მეშვეობით, მისთვის სასურველი ბიუჯეტების დამტკიცების შესაძლებლობა მისცეს, რადგან მუნიციპალიტეტების უმეტესობაში ახალი მოწვევის საკრებულოებში "ოცნებას" აღარ აქვს უმრავლესობა.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი