სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის საქმეზე კონსილიუმის ექიმები გამოკითხეს

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა კონსილიუმის ექიმები გამოკითხა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაკომპლექტებული ექიმების ჯგუფი საგამოძიებო უწყების შეკითხვებს გვიანობამდე პასუხობდა.

გამომძიებლებს მედიკოსებთან  შეკითხვები ძირითადად რუსთავის ციხიდან გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით ჰქონდათ. გამოძიება ასევე დაინტერესდა, რა პირობებში იყო მესამე პრეზიდენტი რუსთავის ციხეში და რა მიზეზით არ შეუშვეს კონსილიუმის წევრები პენიტენციურ დაწესებულებაში იმ დღეს, როდესაც მიხეილ სააკაშვილის ეტაპირება იგეგმებოდა. 

"დეტალურად აღვწერეთ ჩვენი კომისიის მუშაობა. სხვა არცერთი კითხვა არ დასმულა. უბრალოდ, ჩვენი მუშაობის დაწყების პირველი დღიდან დასრულებამდე რა ეტაპები გავიარეთ, რა სირთულე იყო, როგორი იყო პაციენტის მდგომარეობა, რა მედიკამენტებს იღებდა და ჩვენი ქმედება რას ეფუძნებოდა", - თქვა ექიმმა ნინო შარაშენიძემ.

ექიმების გამოკითხვის შესახებ ასევე კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ:

"გამომძიებელს მიაწოდეს ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა, უკავშირდებოდეს მესამე პრეზიდენტის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტს, რომლის კადრებიც საჯაროდაც ვიხილეთ", - თქვა ადვოკატმა.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე 49-ე დღეა შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა გუშინ მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა. მათ მესამე პრეზიდენტი გლდანის მე-18 დაწესებულებაში 16 ნოემბერს მოინახულეს.

სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა მიხეილ სააკაშვილზე | სრული ვერსია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი