„ყველა თვეშია დაგეგმილი გადასახადი და ისინი შეკრულები არიან ადმინისტრაციასთან“ - ეს სკანდალურ ინტერვიუ „მთავარ არხს“ პატიმარმა მისცა, რომელმაც საპყრობილე ცოტა ხნის წინ დატოვა.
ის ციხის ადმინისტრაციის და კრიმინალური ავტორიტეტების გარიგებას დეტალურად აღწერს. პირდაპირ ამბობს, რომ პატიმრები სიცოცხლეს ციხეში ფულის სანაცვლოდ ყიდულობენ და კანონიერი ქურდებისთვის გადასაცემ თანხას ციხის ადმინისტრაციის თანხმობით მაყურებლები აგროვებენ. გადასახდელი ხარკის ოდენობას კრიმინალური ავტორიტეტები ციხეში ყველა პატიმარს ინდივიდუალურად უდგენენ.
მისი ინტერვიუ პირდაპირი ჩვენებაა, ციხეების უფროსის გიორგი პატარიძის და მისი ზემდგომი იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის წინააღმდეგ. „მთავართან“ ინტერვიუში ყოფილი პატიმარი შოკისმომგვრელ დეტალებს ყვება. ამბობს, რომ ციხეების თანამშრომლები მაყურებლების ინფორმატორები არიან. პატიმრების ზარებს უსმენენ და შემდეგ კრიმინალური სამყაროს მაყურებლებს უყვებიან ვინ ვისთან, რატომ და რა მიზნით დარეკა.
დგინდება, რომ კრიმინალური სამყაროს ციხის მაყურებლებს წვდომა აქვთ ყველა ინფორმაციაზე, რომელიც ციხის ადმინისტრაციას გააჩნია. ციხის თანამშრომლები კრიმინალური სამყაროს წევრებს უყვებიან იმ წერილების და საჩივრების შინაარსს, რომელსაც საკნიდან მსჯავრდებულები აგზავნიან, ამის შემდეგ მათზე ტერორი იწყება, დაშინებული პატიმრები კი ციხის ადმინისტრაციას ვეღარ უჩივიან და ამით სპეციალური პენიტენციური სამსახურის ციხეებში მოჩვენებით სიმშვიდის დემონსტრირებას ახდენს.
სახალხო დამცველი ფიქრობს, რომ პროკურატურა გამოძიების დაწყების შემთხვევაში უამრავ მტკიცებულებას მოაგროვებს, რომ ხელისუფლება კრიმინალებთან არის გარიგებული და ციხეს არა სპეციალური პენიტენციური სამსახური, არამედ კანონიერი ქურდები მართავენ.
თეა წულუკიანის მერ გასაჯაროებული კადრები შესაძლოა, გამოძიებისთვის წულუკიანის წინააღმდეგ მტკიცებულებად იქცეს. ვიდეომასალაში ჩანს, როგორ მეფობს ციხეში კრიმინალი და როგორ ატერორებენ მსჯავრდებულები ციხის თანამშრომლებს.
დაიწყებს თუ არა საქმის შესწავლას სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი, ეს რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. პროკურატურამ კი დღეს დაადასტურა, რომ სახალხო დამცველის ანგარიშის და მონიტორინგის შედეგების შესწავლა უკვე დაიწყო.
საგამოძიებო უწყება განცხადებაში წერს, რომ თუ დასახელებულ ფაქტებზე დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება, საგამოძიებო უწყება შესაბამის რეაგირებას მოახდენს.