15-მდე ორგანიზაციას დისკრიმინაციული მოპყრობის გამო გაფრთხილება მიეცა - შრომის ინსპექცია

გამოქვეყნდა:

შრომის ინსპექციამ მიმდინარე წელს დისკრიმინაციული მოპყრობის 15 ფაქტი გამოავლინა. 

უწყებამ საჯარო წესით გამოქვეყნებული 100 ერთეული ვაკანსიის შესახებ განცხადებების მოთხოვნები შეამოწმა (როგორც მომართული საჩივრის, ასევე საკუთარი ინიციატივის საფუძველზე), რომლის ფარგლებშიც დადგინდა, რომ დამსაქმებლების მხრიდან ადგილი ჰქონდა ასაკის, სქესის, გარეგნობისა და ა.შ. ნიშნით დისკრიმინაციას დასაქმების მსურველ პირებთან მიმართებით.

მაგალითად ასეთ დარღვევებს წარმოადგენდა:

  • გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე განიხილება ,,სასიამოვნო გარეგნობის მდედრობითი სქესის“ წარმომადგენლის კანდიდატურა.
  • სამზარეულოს თანამშრომლის პოზიციაზე - მდედრობითი სქესის წარმომადგენლის კანდიდატურა 18-50 წლის ჩათვლით.
  • ვაკანსია არ ეხებოდა ჭარბწონიან აპლიკანტებს, რადგან მათ მიერ ვერ მოხდებოდა მომხმარებლებისათვის ხარისხიანი სერვისის მიწოდება.
  • გაყიდვების კონსულტანტი გოგონა 18-დან 30 წლამდე.
  • და ა.შ.

წინასახელშეკრულებო ეტაპზე დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენა დაეფუძნა შემდეგ გარემოებების შემოწმებას:

  • პირს, ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთაგან განსხვავებულად ეპყრობიან;
  • განსხვავებული მოპყრობა პირს ზღუდავს ან ხელს უშლის შრომითი უფლებებით სარგებლობისას;
  • არ არსებობს განსხვავებული მოპყრობის კანონით განსაზღვრული, ლეგიტიმური მიზანი;
  • განსხვავებულ მოპყრობას არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და იგი დასახული მიზნის არათანაზომიერია.

რაც შეეხება სამუშაო ადგილზე დასაქმებულის შევიწროებასთან დაკავშირებულ საკითხს, შრომის ინსპექციის მიერ დადგენილ იქნა დამსაქმებლის არასასურველი ქცევა, რომელიც მიზნად ისახავდა ღირსების შემლახველი, შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი გარემოს შექმნას.

აღნიშნული გარემოებების შესწავლის შედეგად 15-მდე ორგანიზაციას გაფრთხილება მისცეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი