
გლდანის ციხეში, უკრაინის მოქალაქის გარდაცვალების საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო მოქმედებები გვიანობამდე გაგრძელდა. გამომძიებლებმა 32 წლის ეგორ გრეგორენკოს თანამესაკნეებთან ერთად, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებიც გამოკითხეს.
ახლა საგამოძიებო უწყებამ უნდა დაადგინოს, შეეწირა თუ არა ახალგაზრდა მსჯავრდებული ციხის ადმინისტრაციის გულგრილობას.
გრეგორენკოს ცხედარი პროზექტურაში ისე გადაასვენეს, რომ ადვოკატს მისი ნახვის საშუალება არ მისცეს. პატიმრის გარდაცვალების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ის ციხის ადმინისტრაციას, სამარტოო საკანში გადაყვანას გაუსაძლისი ხმაურის გამო სთხოვდა, თუმცა ყველა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.
"დამირეკა ინსპექტორის სამსახურმა და მაცნობა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ეგორ გრეგორენკო იპოვეს გარდაცვლილი და ვინ მოახდენდა მის პროზექტურიდან გაყვანას. გამოძიება არის ძალიან ყურადღებით ჩასატარებელი, რადგან არის პრობლემები პენიტენციურ დაწესებულებაში. არ შეიძლება, რომ ახალგაზრდა ბიჭს დილით გარდაცვლილს პოულობდნენ. მისახედია აქაურობა პირველ რიგში, ზოგადად ეს სისტემა. პატიმრები არ უნდა იღუპებოდნენ ასე პანტაპუნტით", - თქვა გარდაცვლილის ადვოკატმა, ჯაბა კოჭლამაზაშვილმა.
შეგახსენებთ, უკრაინის მოქალაქე ეგორ გრეგორი გუშინ გარდაიცვალა. ის უსაფრთხოების სამსახურმა უგონო მდგომარეობაში ციხის საკანში ნახა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 342 მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო (სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).