
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1987 წელს დაბადებული ა.ს. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული ჩართული იყო ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის სქემაში.
სამართალდამცველებმა ა.ს. ნაძალადევის რაიონში იმ დროს დააკავეს, როდესაც მეტადონის შემცველი ნარკოტიკის სხვადასხვა ადგილზე განთავსებას აპირებდა.
„პოლიციამ, ბრალდებულის პირადი, დროებითი საცხოვრებელი სახლის და მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო 157 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ და ამავე ნარკოტიკული საშუალების შემცველი ფხვნილი" -აცხადებენ შსს-ში.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.