
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით, აშშ-ის დიპლომატიური კორპუსის მიერ გამოთქმული მწვავე კრიტიკა "ქართული ოცნებისთვის" მიუღებელია.
ხელისუფლებაში მყოფი პარტია ამჯერადაც განსხვავებულად კითხულობს ამერიკის საელჩოს უმკაცრეს განცხადებას და საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრების ნაცვლად, კვლავ ოპონენტებს ადანაშაულებს.
"უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის ასეთი გამჭირვალე, ხანგრძლივი მოდელი, სადაც საზოგადოება მონიტორინგს უწევს მოსამართლეთა არჩევის პროცესს, სწორედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მჭიდრო თანამშრომლობითა და მათი მხარდაჭერით განვახორციელეთ.
ჯერ არ გვითქვამს კენჭისყრები როდის ჩატარდება, ამასთან დაკავშირებით გვექნება გუნდში კონსულტაცია და ასევე გვექნება კონსულტაციები ჩვენს პარტნიორებთან და გავცვლით პოზიციებს
აშშ-ის საელჩოს პოზიცია შეეხება ოპოზიციის წარმომადგენლებსაც, ვინაიდან მათ 1 ნაბიჯი არ გადაუდგამთ იმისკენ, რომ დაინტერესებულიყვნენ რას ვაპირებთ საბჭოში, ხომ არ დავიწყოთ კონსულტაციები თანამშრომლობასთან დაკავშირებით", - ამბობს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი.
შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს აშშ-ს საელჩო კრიტიკული განცხადებით გამოეხმაურა. წერილში ნათქვამია, რომ "აშშ-ის საელჩო, კიდევ ერთხელ, იმედგაცრუებულია".